პაპუაშვილი – მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე: ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ხელმძღვანელ პირებს: ასამბლეის პრეზიდენტ იოან ვულპესკუსა და გენერალურ მდივან მაქსიმოს ხარაკოპულოსს შევხვდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომის მასპინძლობა.

“სტუმრებს მადლობა გადავუხადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვისთვის.

მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა, რომ 18 წლის წინ ჰქონდა ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მის, როგორც ქართველი ხალხის გამაერთიანებლის, როლს. მან განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, რასაც ისტორიული ფაქტები ადასტურებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც მართლმადიდებლობის ძლიერი ტრადიციების მქონე ქვეყნის, ევროკავშირში ინტეგრაცია.

აღვნიშნე, რომ დღესდღეობით ხშირად არის საუბარი ევროპულ ღირებულებებზე და, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებების ქრისტიანული ფესვების ხაზგასმა.

ასევე, ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო საქმიანობაში ქრისტიანული ღირებულებების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ 2026 წელს საქართველო გაქრისტიანების 1700 წლისთავს აღნიშნავს. დელეგაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობები.

აღვნიშნე, რომ საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) ერთგული წევრია და შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოვხატე”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები