რა კავშირი აქვს ქურდული სამყაროს გენერლად წოდებულ ნადირ სალიფოვს თბილისში მომხდარ თავდასხმებთან? – დამატებითი დეტალები

0

16 მაისს, დაახლოებით ღამის ხუთ საათზე, დიღმის მასივში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის კუთვნილი „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები სააგენტო “პრაიმტაიმზე”  გამოქვეყნდა. ახლა გამოძიება ცდილობს, გაარკვიოს, ვინ იდგა ამ აფეთქების უკან. პოლიციის განყოფილებაში იმავე დღეს დაკითხეს დაზარალებული და მის ახლობლები. მათ შორის ზაზა ბაირამოვის მძახალი ჯაბა, იგივე ჯამბურა აჯიხალილ ოღლი, რომელმაც მობილურის პირად ნომერზე აფეთქებიდან ერთ საათში მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო – „შემდეგი შენ იქნები“.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში აჯიხალილ ოღლი ამბობს, სმს მას უცხოური ნომრიდან მისწერეს და ქურდული გარჩევის მიზნით სტამბოლში ჩასვლას სთხოვდნენ. გაიჟღერა კონკრეტულმა გვარმაც, ვისი სახელითაც აჯიხალილ ოღლის ემუქრებიან. ის აზერბაიჯანული წარმოშობის ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ მეტსახელით იცნობენ. დმანისელი ძმები სალიფოვები საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო პერიოდში ქურდულ სამყაროში სალიფოვების აზერბაიჯანული კლანის გავლენები საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი პატიმრობიდან აზერბაიჯანის ციხე „ლოტი გულიმ“ დატოვა. შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ კი მას „ბოსების ბოსობასაც“ უწინასწარმეტყველებდნენ. ნადირ სალიფოვის შესახებ და საქართველოში მის სახელთან დაკავშირებულ კრიმინალურ ისტორიებზე უფრო დეტალურად ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი ვნახოთ, რას ჰყვება დაზარალებული ზაზა ბაირამოვი, რომელსაც ჩვენ პოლიციის განყოფილებასთან, დაკითხვის შემდეგ გავესაუბრეთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ აფეთქებამდე ორიოდე კვირით ადრე, ქსნის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა დაუდეს ბაირამოვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლოზ საკანდელიძეს. საბედნიეროდ, მაშინ ყუმბარა არ აფეთქდა.

ზაზა ბაირამოვი, ბიზნესმენი:

– მე ყოფილი პოლიციელი ვარ. „კანონიერ ქურდებს“ ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და მე ვერც ვერავინ დამიბარებდა ქურდულ გარჩევაზე. ეს მესიჯი მიიღო ჩემმა მძახალმა ჯაბამ (ჯამბურა აჯიხალილ ოღლი), რომელსაც ჩემი ავტომობილის დაწვიდან ზუსტად ერთ საათში მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება – „შემდეგი შენ იქნები“. სავარაუდოდ, ეს იყო გაფრთხილება მის მიმართ.

– თქვენი ავტომობილის აფეთქებამდე რამდენიმე კვირით ადრე საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა დაუდეს თქვენს ბიზნესპარტნიორ ნიკოლოზ საკანდელიძეს… როგორ ფიქრობთ, ეს ერთი და იგივე პირის ნამოქმედარია?  

– ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ასეა, მაგრამ მაინც გამოძიებამ უნდა გაარკვიეს, იყო თუ არა კავშირი.

– რა კონფლიქტს შეიძლებოდა ეს ყველაფერი გამოეწვია?

– პასუხი არ მაქვს. პირადად ჩემთან რაიმე კონფლიქტი არავის ჰქონია. სავარაუდოდ, ჩემს მძახალზე იყო გათვლა. რაც შეეხება ნიკა საკანდელიძეს, მასთან მეც და ჩემს მძახალსაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა და შესაძლოა, ნიკას სახლთან დადებული ხელყუმბარაც ამ საქმის შემადგენელი იყოს. ჯაბას ჰქონდა ხორცის ბიზნესი, მისი პარტნიორი იყო ნიკაც. კომპანიის დირექტორი კი გახლდათ ახმედ მამედოვი.

– ითქვა, რომ თქვენს მძახალს „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის სახელით ემუქრებოდნენ…

– ამ ადამიანის სახელი გამიგია, მაგრამ პირადად ნამდვილად არ ვიცნობ და არასდროს მქონია შეხება.

ჯაბა (ჯამბურა) აჯიხალილ ოღლი:

– ჩემს მიმართ მუქარა მოდიოდა ბიძაჩემისგან. ეს არის ახმედ მამედოვი, რომელიც იყო ჩვენი კომპანიის დირექტორი.

– და რა სახის მუქარა იყო?

– მწერდნენ, რომ შენ ახმედასთან მისატანი გაქვს ფული, ამიტომ უნდა ჩამოხვიდე თურქეთში ქურდულ გარჩევაზეო.

– ნადირ სალიფოვის გვარმა გაიჟღერა…

– დიახ, მისი ძმის, ნამიკის სახელს ახსენებდნენ.

– რა ფინანსური პრობლემები შეგექმნათ ბიძათქვენთან?

– საუბარია 600 ათას ლარზე. ჩვენ კომპანიონები ვიყავით ხორცის ბიზნესში. ამ თანხებთან დაკავშირებით კარგა ხანია უკვე ოფიციალურად მიდის ძიება. კლიენტებმა იჩივლეს, ვისგანაც ხორცს ვიღებდით. ფულთან და მსგავს საკითხებთან ახმედ მამედოვს ჰქონდა შეხება, პირადად მე არაფერ შუაში ვარ. ის ამბობს, რომ თითქოს მე „მოვტეხე“ ფული, მაშინ როცა დირექტორი ეგ იყო და ბანკთან ურთიერთობა მხოლოდ მას ჰქონდა. სახლი და ყველა ქონება ბანკში მაქვს ჩადებული. მანქანის აფეთქებიდან ერთ საათში მოდის მესიჯი, შემდეგი შენ იქნებიო. ამით თითქოს დამაშინეს.

– ნიკოლოზ საკანდელიძის სახლთან დადებულ ხელყუმბარასაც ამას უკავშირებთ?

– ჩვენ ერთად ვიყავით ბიზნესში, რომელიც გაკოტრდა. იცოდნენ, რომ კავშირი მქონდა საკანდელიძესთან, როგორც ჩანს, მის სახლთანაც ამიტომ  დადეს ხელყუმბარა.

– კონკრეტულად სად გიბარებდნენ თურქეთში?

– სტამბოლში. ნამიკა უნდა ჩამოვიდესო.

– და ახმედ მამედოვს სალიფოვებთან რა ურთიერთობა აქვს?

– მთელი ზამთარი მათთან იყო სტამბოლში. გირჩევთ, აქ ჩამოხვიდეო, – მწერდნენ. თუ არ ჩამოხვალ, შენს თავს დააბრალეო. მე ვეუბნებოდი, ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიება მიდის და საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მომცემენ-თქო. შენ საზღვრამდე მოდი და ეგ პრობლემა არაა, ჩვენ გადაგიყვანთო. თუ ასეთი მაგარი ტიპები ხართ, ბარემ თქვენ ჩამოდით-მეთქი, მაგრამ ამაზე უარი თქვეს, შენ უნდა ჩამოხვიდეო.

– ამჟამად რამდენად დაცულად გრძნობთ თავს, მით უფრო მუქარის მესიჯის შემდეგ?

– ყოველ წუთს საფრთხეს ვგრძნობ. არავინ იცის, როდის ამაფეთქებენ. ეს ადამიანები გარეთ არიან და შეიძლება მითვალთვალებენ კიდეც.

„პრაიმტაიმი“ ახმედ მამედოვსაც დაუკავშირდა. ის ავტომობილის აფეთქებასთან, ისევე, როგორც ძმებ სალიფოვებთან, ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ მის დისშვილს, ჯამბურა აჯიხალილ ოღლის ბევრი მტერი ჰყავს. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, ზაზა ბაირამოვი, რომლის ავტომობილიც დიღმის მასივში ააფეთქეს, გასულ წელსაც  გახდა თავდასხმის სამიზნე. მამედოვის თქმით, ბაირამოვს დაუდგენელმა პირებმა მარნეულში ხანჯალი გაუყარეს.

ახმედ მამედოვი:

– არანაირი კავშირი კანონიერ ქურდებთან არ მაქვს. ჯაბა არის ჩემი დისშვილი, ჩვენ კომპანიონები ვიყავით. სოფელ ფერმაში ვყიდულობდით პროდუქტს, თუმცა დიდი დავალიანება დაგვადო და ის ხალხი სთხოვს კუთვნილ თანხას. ეს ფული შეჭამა.

– თქვენ რა ვერსია გაქვთ, ვინ შეიძლება დამუქრებოდა ჯაბას და აეფეთქებინა მისი მძახლის, ზაზა ბაირამოვის მანქანა?

– ჯაბას ბევრი მტერი ჰყავს – მთელი კასპის რაიონი, მცხეთაც. ყველას ვალი აქვს. ხალხი გადაყარა. თვითონ ზაზას შარშან ხანჯალი რომ გაუყარეს და ნაწლავები ამოუყარეს, მაშინაც მე ხომ არ ვიყავი?

– ხანჯალი რატომ გაუყარეს?

– ეგ თვითონ იციან კარგად. მარნეულში მოხდა ეს ამბავი. ეგეც ჩემი ბრალია? რეანიმაციაში იწვა, ძლივს გადარჩა, მაგრამ არავინ დაუჭერიათ.

„პრაიმტაიმი“ ახმედ მამედოვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ზაზა ბაირამოვს კვლავ დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლაც დაესხნენ თუ არა თავს მარნეულში.

„ეს სულ სხვა თემაა. არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს. მე ვაშველებდი ორ დაპირისპირებულ ადამიანს და შემთხვევით მომხვდა ცივი იარაღი. ეს ამბავი არაფერ შუაშია“, – განგვიმარტა ზაზა ბაირამოვმა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ „კანონიერ ქურდს“ ნადირ სალიფოვს საქართველოშიც სერიოზული გავლენები აქვს, კერძოდ, მარნეულსა და დმანისში.

ძმები სალიფოვების დაჯგუფების წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გამოიჭირა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვემო ქართლში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად ერთდროულად დააკავეს ქურდული სამყაროს 13 წევრი, რომელთა ნაწილს იმხანად აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი მართავდა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ამ დაჯგუფების რამდენიმე წევრი 2013 წლამდეც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, მათ შორის ძმები რასიმ და ნამიკ ოფჩიევები. რასიმი 2002 წელს მოსკოვში დააპატიმრეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გაასამართლეს, მისი ძმა ნამიკ ოფჩიევი კი საქართველოში 2007 წელს აიყვანეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ამავე კლანს განეკუთვნებოდა 1990 წელს დაბადებული რაშიდ გეიდაროვი, რომელიც 2011 წელს აზერბაიჯანში იქაური კანონმდებლობით გაასამართლეს.

ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ სახელმა გაიჟღერა გასული წლის 12 სექტემბერს, აბანოთუბანში რესტორან „მასპინძელოსთან“ მომხდარი მკვლელობის საქმეშიც. „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელი, 42 წლის ელშან მამედოვი ჩაცხრილეს.

მოგვიანებით, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს – 42 წლის გუსეინ ისკანდეროვს და 38 წლის ემინ ახმედოვს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.

სალიფოვმა აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გასული წლის 24 ოქტომბერს მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მისი მეგობრის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა და პირობაც დადო, რომ მისი მკვლელობის გამო შურს იძიებდა.

მამედოვის მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი – გუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი, ნადირ სალიფოვთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ და როგორც ამბობენ, მამედოვის მკვლელობით მათ შური იძიეს, ასევე, ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) მკვლელობის გამო. ჯანიევი 2016 წლის სექტემბერში სტამბოლში მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად იმ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი, უშუალო შემსრულებლად კი სწორედ ელშან მამედოვი სახელდებოდა.

რაც შეეხება აბანოთუბანში მამედოვის ჩაცხრილვას, დადასტურებული ინფორმაციით, 2017 წლის 12 სექტემბერს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან, მათ შორის ილჰამ გაჯიევთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა, ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ელშან მამედოვს პირადად გუსეინ ისკანდეროვმა ესროლა.

და რამდენად რეალურია, რომ დიღმის მასივში გასულ კვირას მომხდარი აფეთქება ნადირ სალიფოვს უკავშირდებოდეს? ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნადირ სალიფოვი მართლაც სტამბოლში დასახლდა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა გავლენების გასაფართოებლად, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ თურქეთის ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. ეს მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიცია „კანონიერი ქურდის“ გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას მისი პერსონით დაინტერესდა. ზვიადაძე თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ერთი თვის წინ მოკლეს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, როგორ დაიბარებდა დუბაიში მყოფი ნადირ სალიფოვი ჯამბურა აჯიხალილ ოღლის თურქეთში ქურდულ გარჩევაზე? საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე კვლავაც იმყოფება ნადირ სალიფოვის ძმა, ასევე „კანონიერი ქურდი“ ნამიკ სალიფოვი. აჯიხალილ ოღლი ჩვენთან ინტერვიუშიც ამბობს, რომ სმს-შეტყობინებაში მას სწორედ ნამიკ სალიფოვის სახელი უხსენეს.

გავა თუ არა გამოძიება ქურდული სამყაროს ორგანიზებულ ჯგუფზე? რა შედეგით დასრულდება დიღომში ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქების საქმე? ნიკოლოზ საკანდელიძისა და ზაზა ბაირამოვის შემდეგ იქნება თუ არა მორიგი და მთავარი სამიზნე ჯამბურა აჯიხალილ ოღლი? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებას არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

წყარო: “გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი