“სიგარეტის ნამწვავები და შპრიცები” – რას ამბობს მოძღვარი, რომელმაც 9 აპრილის მემორიალი აკურთხა

„მამა ბასილმა სუბელიანის შებილწული 9 აპრილის მემორიალი აკურთხა“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მამა ბასილ მკალავიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი თბილისში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც მამა ბასილი ინტერვიუში აცხადებს, მან 9 აპრილის მემორიალი აკურთხა, რომელიც ნაგვის ბუნკერად იყო ქცეული.
ამასთან, მისივე თქმით, მემორიალში აქციის მონაწილეებს სიგარეტის ნამწვავი, შპრიცები, კონიაკის ბოთლები და სხვადასხვა ბინძური სახის ნივთები ჩაეყარათ.
„72 წლის ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. მთელი მსოფლიოს მზერა ჩვენზე არის მოპყრობილი. რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და კიდევ სხვადასხვა ქვეყნის უსაქმურმა ნარკომანებმა აქ მოიყარეს თავი.
მათთან ეს ქმედება დასჯადია, აქ კი, სრული თავისუფლება აქვთ. მთელი უბედურება ის არის, რომ უკვე თავიანთ თავს კი არა, ჩვენც გვაყენებენ შეურაცხყოფას. დიახ, ისინი მხოლოდ ბარიგებს არ იცავენ და 9 აპრილის მემორიალის თავზე როკვა დაიწყეს. როგორც მართლმადიდებელი მოძღვარი, სირცხვილით დავიწვი და კიდევ უფრო მეტად შემრცხვა, როდესაც პარლამენტის წინ მათ მიერ წაბილწული ადგილის საკურთხევლად მივედი. ნაგვის ბუნკერად იყო ქცეული იქაურობა. 9 აპრილის მემორიალის შიგნით ჩაყრილი ჰქონდათ სიგარეტის ნამწვები, შპრიცები, კონიაკის ბოთლები და სხვა ბინძური საგნები. აი, ასე სცემენ პატივს იმ წინაპრებს, რომლებმაც სწორედ მათი ბედნიერი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი რუსთაველზე.
ეს უკვე მეორედ მოსვლაა! საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი კი გაიძახის, კლუბებიდან უდანაშაულო ხალხის თვალწინ უნდა აეყვანათ ნარკობარიგებიო. არანაირი დათმობა და დაუნდობლობა სოდომ-გომორის გზაზე მავალთ, რამეთუ ისინი ერის ღირსებას, ოჯახის სიწმინდესა და სარწმუნოებას ბილწავენ“, – აცხადებს სასულიერო პირი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები