„ჩემი თვისებაა, ადამიანებს დავეხმარო“… – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, 32-წლიანი გამოცდილებითა და  პროფესიის სიყვარულით

0

დავით აღმაშენებლის ფონზე – მხატვარი იური ქლიბაძე

პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. მეტალურგობა კი ბიძის გავლენით გადაწყვიტა. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1986 წლიდან მოყოლებული, ზესტაფონის ფეროშენადნობთა  ქარხანაში მუშაობს.
იყო: ცვლის ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, განყოფილების უფროს, დირექტორის მოადგილე, საამქროს უფროს, მთავარი ინჟინრის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი...ქარხანაში სულ 15 სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
ერთი წელია ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორია.  ბევრს ზრუნავს როგორც საწარმოო გეგმების შესრულებაზე, ისე მუშა-მოსამსახურეების პირობების და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე.
არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები. – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის პერსონა.

 –  ლაღი და საამური ბავშვობა მქონდა, ვიზრდებოდი პედაგოგების ოჯახში. მამა ათწლეულების მანძილზე სკოლის დირექტორად მუშაობდა,  დედა ქიმიის მასწავლებელი იყო.  პედაგოგები შეძლებით მაშინაც საშუალო ფენას განეკუთვნებოდნენ და რასაც მათი პატიოსანი შრომა და ხელფასი სწვდებოდა, იმით ვკმაყოფილდებოდით. ჩვენ ნამდვილად უდარდელი ბავშვობა გვქონდა.
პროფესია ბიძის გავლენით ავირჩიე. ჩვენს დიდ ოჯახში დეიდა სტომატოლოგი იყო და ძალიან უნდოდა,  ექიმი გავმხდარიყავი, სკოლაშიაც კარგად ვსწავლობდი. თავიდან ამ აზრის საწინააღმდეგო მეც არაფერი მქონია. თუმცა ერთმა შემთხვევამ  ექიმობა გადამაფიქრებინა. ალბათ მეათე კლასის მოსწავლე ვიქნებოდი, როცა მეგობრის მეშვეობით  მოვხვდი საოპერაციოში და იქ რაც ვნახე, დამარწმუნა, რომ ჩემგან ექიმი  არ გამოვიდოდა.

24-ე ღუმელის მშენებლებთან ერთად

შემდეგ სკოლა დავამთავრე და ისე მოხდა, რომ აღმოვჩნდი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში). ბიძის – ტიტე გველესიანის გავლენით, გადავწყვიტე, მეტალურგიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ტიტე გველესიანი  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პირველი თაობის წარმომადგენელი, იმ თაობის გამოცდილი მეტალურგი იყო, რომლებმაც პროფესია რუსეთის ქარხნებში, კერძოდ, „ელექტროსტალში“ შეისწავლეს. ის სიცოცხლის ბოლომდე რუსთავში ცხოვრობდა. მისი ოჯახი დღესაც იქ არის დაფუძნებული. ასე გადავწყვიტე მეტალურგობა. მეტალურგიული ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი, მშობლიურ ზესტაფონში დავბრუნდი. საერთოდ, თბილისში დავიბადე, მაგრამ ზესტაფონელი ვარ და ვამაყობ ამით.
– მშობლიურ რაიონში დაბრუნების დღიდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობთ… ამჟამად ქარხნის დირექტორი ხართ…
– ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც ამ თანამდებობაზე ვარ.
პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს დავამთავრე, მას მერე ფეროშენადნობთა ქარხნიდან არ გამოვსულვარ.  პირველად რომ მივედი,  მეორე საამქროს  ოსტატის თანაშემწეობა მერგო, მერე- ცვლის უფროსობა, ორი წლის განმავლობაში ქარხნის არჩევით ორგანოებშიც ვიყავი,  არ დარჩენილა არცერთი რგოლი, სადაც არ მიმუშავია.ქარხანაში 15 სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი…  ასე მოვედი დღევანდლამდე. ზოგადად, ქარხანაში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა, ვთვლი, რომ დღეს თუ რაიმე მოქმედებს და მუშაობს ქარხანაში, – დიდ ნაწილს სიღრმისეულად და ნაწილსაც საშუალო დონეზე ვფლობ და ვწვდები.
– ანუ 32 წელი ქარხნის კედლებში ხართ…
– დიახ, ოქტომბერში 32 წელი გახდება!
– დიდი საწარმოო გამოცდილება გაქვთ. და მაინც, გაიხსენეთ მეტალურგიაში პირველი ნაბიჯები…
– პირველი ნაბიჯი ძალიან საინტერესო იყო, გვყავდა მეგობარი ელგუჯა წაქაძე, ნათელი მის ხსოვნას, სულ ახლახან დავკრძალეთ. სწორედ მან ითავა, რომ ჩემი, ქარხანაში პირველი მისვლისას ემეგზურა ჩემთვის დირექტორთან. პირველი შთაბეჭდილებით დირექტორის კაბინეტი იმდენად უზარმაზარ სივრცედ აღვიქვი, რომ შემდგომშიამ კაბინეტში ხშირი მიმოსვლის მიუხედავად, სულ მქონდა განცდა, რომ ოთახი გატიხრეს. არადა მისი ფართი  ნამდვილად უცვლელი იყო, თუმცაისეთი დიდი აღარ მეჩვენებოდა… ვფიქრობ, ადამიანში პირველი შთაბეჭდილება და განცდა – ყოველთვის შთამბეჭდავია და გრანდიოზულობის ეფექტს იწვევს…

კონფერენციაზე გამოსვლისას

რაც შეეხება საწარმოო გამოცდილებას, ვიტყოდი იმასაც, რომ არ არის იოლი, როცა ინსტიტუტიდან მოდიხარ და  უცებ ხდები  50-60 კაცის ხელმძღვანელი. ამ ხალხს საქმე უნდა აკეთებინო და თან საერთო ენა გამონახო. არსებობს ადამიანური ურთიერთობები, რომელსაც საქართველოში ვერ დაკარგავ და ვერ უგულებელყოფ, მაგრამ საქმე საქმეა და „ოქროს შუალედი“ უნდა მოძებნო. და ამ ადამიანებთან, ვინც საამქროში დამხვდნენ,  ჩამომიყალიბდა ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობა. ბევრი მათგანი დღესაც მუშაობს და მოღვაწეობს ქარხანაში.   ბრიგადის მრავალმა წევრმა დატოვა ქარხანა და დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, ვინც დარჩა, დიდი სიყვარულით ვხვდები და ვურთიერთობ.
სანამ დირექტორის პოზიციამდე მოვიდოდი, საამქროს უფროსად დავინიშნე. უკვე ნამუშევარი მქონდა დირექტორის მოადგილედ, განყოფილების უფროსად… მაგრამ როდესაც საამქროში მომიწია ჩასვლა, სხვა პასუხისმგებლობა ვიგრძენი. იმ დროისთვის  მეოთხე საამქროში 530 თანამშრომლამდე მუშაობდა, როცა ამხელა საამქროში პირველი ხელმძღვანელი ხარ, თავიდან ბოლომდე პასუხს აგებ, არა მარტო საწარმოო გეგმების შესრულებაზე, არამედ იმ ხალხის, თითოეული ადამიანის წინაშეც.
ჩვენ ერთად გაგვივლიადა განგვიცდია მრავალი გამორჩეული წუთი. უმრავლესობა წარმატებებთან და გამარჯვებებთან იყო დაკავშირებული. გაწბილებაც მახსოვს. მაგრამ ასეც ხდება ხოლმე – წარმოება უამისოდ არ არსებობს.
– დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებთ განვლილ წლებს, ვის გაიხსენებდით, რომლებიც მხარში გედგნენ და რჩევას ითვალისწინებდით?
– მე რომ ქარხანაში ცვლის ოსტატის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა, მაშინდელი ჩემი ცვლის უფროსი დღეს საამქროს უფროსად მუშაობს და კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი თაობის მრავალი ახალგაზრდა 90-იანი წლებში საწარმოებიდან გაიქცა, რადგან ბევრი მათგანი დაიშალა-გაუქმდა. მაგრამ იმ კრიზისულ პერიოდში იყვნენ ადამიანები, თუნდაც, ძმები ცქიტიშვილები, შემდგომში ორივე ძმა ქარხნის დირექტორი იყო. დავასახელებდი, აგრეთვე, დავით გველესიანს, რომელიც მაშინ   საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მერე მთავარი ინჟინერი და დირექტორი იყო.

კონფერენციის პრეზიდიუმი

ცქიტიშვილებთან ერთად, ამ ადამიანის ლომის წილია იმაში, რომ მე და ჩემი თაობის ახალგაზრდები  ქარხანაში დავრჩით და დღემდე აქ ვმუშაობთ. მათ დაგვარწმუნეს, რომ მიუხედავად საწარმოს გაჩერებისა, მეტალურგია არის მრეწველობის ისეთი დარგი, რომელსაც სიკვდილი არ ელოდება და აუცილებლად იარსებებდნენ ისეთი საწარმოები, რომლებსაც ჩვენი პროდუქცია დასჭირდებოდა. დღევანდელი გადასახედიდანიოლი სათქმელია, მაგრამ იმ პერიოდში მართლა რთული განსაჭვრეტი იყო მომავლის დანახვა.
უკვე საწარმოო განყოფილებაში ვმუშაობდი, როდესაც დავრჩით პრობლემებთან პირისპირ, აღარ არსებობდა მოსკოვის მმართველობა, ვერავის ვეღარ ვუტვირთავდით ლითონს და  თავად უნდა გვეძებნა მომხმარებელი.
და აი რატომ ვაფასებ ძმებ ცქიტიშვილების აზროვნებას, მათი დაჟინებული მოთხოვნით გავაკეთეთ დამსხვრევა – დახარისხების უბანი, რომლის საჭიროებაც მაშინ არ არსებობდა. მათ პირად საუბარში უთქვამთ ჩემთვის, რომ – ისე მიდის სიტუაცია,  მოვა დრო, თუ ფრაქციულად დახარისხებული არ იქნება ჩვენი პროდუქცია, არავინ იყიდისო.1987 წელს ჩვენ ნახევარ მილიონ ტონა პროდუქციას ვაწარმოებდით და ვტვირთავდით ყოველგვარი დამსხვრევა – დახარისხების გარეშე, ოღონდ ვაგონში ჩაგეტვირთა და გაგეშვა, მომხმარებლებს სხვაარაფერი უნდოდათ.
– თუ უწინ რუსეთს მიჰქონდა პროდუქცია,  დღეს ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
– რუსეთის ქარხნების გარდა, პირდაპირ კუბაშიც ვტვირთავდით ლითონს, იქიდან სპეციალური კონტეინერები შემოდიოდა. ამ კონტეინერებით ჩაგვქონდა და გემზე ვტვირთავდით.  კარგად მახსოვს, ჩვენიდან რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში გაგვაგზავნინეს რამდენიმე მუშა-მოსამსახურე, სადაც უროებით გადაამტვრევინეს და საჭირო ფრაქციულობამდე მიაყვანინეს ლითონი, მერე ისე გადატვირთეს ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. თუმცა ეს ერთად ერთი გამონაკლისი იყო. მაშინ არც არავინ გვავალდებულებდა ამის გარკვევას, სად იტვირთებოდა და არც ჩვენ გვქონდა ამის ინტერესი, გვეძებნა, სად მიდიოდა ჩვენი პროდუქცია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო ფოლადის მწარმოებელი საწარმოები.

უკრაინის ელჩის სტუმრობა ქარხანაში

ცოტა ხნის წინ იაპონიაში ვტვირთავდით, თუმცა ამჟამად დავტოვეთ ეს ბაზარი… დღეს ჩვენ ვტვირთავთ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში, პერუში, კოლუმბიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ვტვირთავთ ევროპის ქვეყნებში – ესპანეთში, პორტუგალიაში, ინგლისში.  აქ ახლოს უმსხვილესი მომხმარებელია რუსეთი, ძალიან მცირე რაოდენობით ვტვირთავთ აზერბაიჯანში. ეს არის ჩვენი დღევანდელი გადატვირთვისა და მომხმარებელთა კონტურები.
– თქვენი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყანაა, მაშინდელთან შედარებით,როგორი დატვირთვით მუშაობს ზესტაფონის ქარხანა?
– ჩვენ წარმოების პიკი გვქონდა 1986-87 წლებში, როდესაც ვაწარმოეთ ნახევარი მილიონი ტონა ფეროშენადნი, მაგრამ იმ დროს მეორე და მეხუთე საამქროები ფუნქციონირებდა. ამ წუთში 150-160 მგვტ მყისიერ სიმძლავრეს მოვიხმართ,  იმ დროისთვის 260 მგვტ-ს მოვიხმარდით. ასეთი სხვაობაა დღევანდელ და მაშინდელ წარმოებას შორის.
ტონებში თუ ვიტყვით, მაშინ ვაწარმოეთ ნახევარი მილიონი ტონა ფეროშენადნობი, ამ დროისთვის წელიწადში ვუშვებთ 230 -235 ათას ტონა ფეროშენადნობს, ეს საკმაოდ დიდი წარმოების მოცულობაა.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღეს აღარ ფუნქციონირებს ორი იაპონური „ტანაბე“-ს ფირმის ღუმელი, ამ ორ ღუმელზე ვიღებდით 90 მგვტ აქტიურ სიმძლავრეს. ასე, რომ საკმაოდ დიდი სიმძლავრის ღუმელები იყო. ტრანსფორმატორები ისევ მწყობრშია, მაგრამ დღეს გვექნება თუ არა მოთხოვნილება, რომ ეს იაპონური ღუმელები, ზესტაფონში ისევ გავმართოთ და ასევე ელექტროენერგიის მოხმარების საშუალება, დღევანდელი გადასახედიდან ცოტა არ იყოს, შორს მოჩანს, მაგრამ, ზოგადად, გამორიცხული არაფერია.
ფოლადის წარმოებაზე მოთხოვნა არის, მთელ მსოფლიოში აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს, მშენებლობა კი უფოლადოდ და არმირებული რკინის გარეშე არ არსებობს. ასე რომ, მოთხოვნილება იზრდება და იზრდება, „არმატურის“ წარმოება კი, სადღეისო ტექნოლოგიებით, ჩვენი პროდუქციის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, იზრდება მოთხოვნილება ჩვენს წარმოებაზე.
–  რამდენი ადამიანია დასაქმებული ქარხანაში და რამდენად დასაქმებულია ადგილობრივი კადრი?
– მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქარხანაში მოვედი, დაახლოებით 3500 ადამიანი მუშაობდა. მაგრამ მაშინ აგლოფაბრიკა, მასის წარმოების, მეორე და მეხუთე საამქროები მუშაობდნენ. დღეს ქარხანაში დასაქმებულ 1611 კაცს ემატებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ სისტემაში დაკავებული ადამიანები. ვგულისხმობ ბუღალტერიას, მომარაგების სამსახურს, ბევრისეთ სამსახურს, რომელიც ზესტაფონშია და ქარხნის შემადგენლობაში არ შემოდის.
მთლიანობაში 1800 ადამიანი ვართ დასაქმებული. ჩვენ იმერული რაიონების მოსახლეობით ვართ დაფუძნებულები – ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის რაიონებია ძირითადი. რამდენიმე თანამშრომელი  ჭიათურიდან, ბაღდადიდან და ქუთაისიდან დადის.
არ არსებობს ჩვენთან თანამშრომელი, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთი არ ჰქონდეს, ვენახზე, ყანაზე არ იყოს მიჯაჭვული, ამიტომაც არის, რომ მათ სამარშრუტო ავტობუსებით ვემსახურებით, მიგვყავს სოფლებში და მოგვყავს უკან. ეს მომსახურება მათთვის უფასოა.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად

– მთავარი საზრუნავი – ქალაქისთვის და მხარისთვის ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაა…
– ყველაზე დიდ გამარჯვებად, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში ის მიმაჩნია, რომ  დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დავხარჯეთ ეკოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. გამარჯვებას იმას ვეძახი, რომ ამით ჩვენ ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ნირვანაში არ გადავსულვართ და არ გვითქვამს, რომ მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, საკეთებელი აღარაფერი გვაქვს. ჩვენ მივჩერებივართ იმ პრობლემებს, რომლებიც ისევ რჩება, და ეს, ძირითადად, დაკავშირებულია რუსული წარმოების ღუმელების კონსტრუქციასთან, რამდენადაც მათი კონფიგურაცია არ იძლევა, ლითონის გამოშვების კონკრეტულ მომენტში გამონაბოლქვის სრულად დაჭერის საშუალებას. თუმცა ამ პრობლემის მოგვარების  მცდელობა მუდმივად გვაქვს, ჩვენი  მმართველის – ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ახლახან შევიძინეთ ვენტილიატორი,  რომ გამოშვების დროს წარმოქმნილი გამონაბოლქვი შევამციროთ და მოვახვედროთ გაზგამწმენდში, ნაწილობრივ ეს მოვახერხეთ, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად დარჩა.
სამომავლოდ, კაპიტალური შეკეთებებისას, უნდა წავიდეთ კონსტრუქციული ცვლილებების გზით. ერთი, 24-ე ღუმელი,კონსტრუქციულად გადავაკეთეთ, გამონაბოლქვიც რადიკალურად შემცირებულია, ხოლო დაანარჩენ ღუმელებზე ეს პრობლემა ისევე რჩება.
ზოგადად, არის ნორმატივები, რომელიც დაკანონებულია ყველა სახელმწიფოში, სადაც მრეწველობა არსებობს და სხვაგვარად არც შეიძლება.  ჩვენ ამ ნორმატივებში ვჯდებით. მაგრამ ღუმელის გამოშვების დროს, როდესაც შენობიდან ამოდის  კვამლი, ვიზუალურად იმდენად ცუდი სანახავია, ვერ ვისვენებთ, გვინდა, როგორმე ეს  მოვაშთოთ და მოვაქციოთ გაზგამწმენდში. გაზგამწმენდში მოხვედრილი აირებისფილტრაციას პრობლემა კი, ნამდვილად აღარ არის.
– აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედებისთვის კომპანია სოლიდურ თანხებს ხარჯავს…
მე წარმოების ხელმძღვანელი ვარ და წარმოებას ჰყავს როგორც ჩემზე ზემდგომი ხელმძღვანელები, ისე მეპატრონე და რომ არა მათი კეთილი ნება და ის პოლიტიკა, რომელიც მათგან არის წარმართული, ვერ გასწევ ქველმოქმედებას, ვერ მიეხმარები ადამიანებს,ვერ დახარჯავ თანხას სოციალურ პროექტებზე, მიუხედავად იმისა, რომ – ჩემი თვისებაა, ადამიანებს დავეხმარო. როგორც მეპატრონეებიდან, ასევე  მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანისგან მიღებული გვაქვს კარტბლანში, საწარმო ორიენტირებულიასერიოზულ სოციალურ პროექტებზე. თითოეულ ჩვენს მომუშავეს აქვს დაზღვევის საკმაოდ სოლიდური პაკეტი, ასევე, მხარში ვუდგავართ ყველას, თუ ვინმეს შვილი გამოირჩევა სწავლით, ან  ხელოვნებისადმი ნიჭიერებით.
ორიენტირი გვქონდა კერძო სკოლების ფეხზე დაყენებაზე. ჩვენი თანამშრომლების შვილებს, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ, თანადაფინანსებით ვუფინანსებთ სწავლას. ეს, ამ სკოლებისთვის გარკვეული ხელშეწყობაა.
მეამაყება, რომ 2017 წელს დავაფინასეთ კონსერვატორიის სტუდენტის სალომე მოდებაძის მონაწილეობა რიგის პიანისტთა კონკურსზე, საიდანაც გრან-პრით დაბრუნდა. სულ ახლახან, 5.000 ლარით დავაფინანსეთ პატარა პიანისტის (მრავალშვილიანი ოჯახიდან, 7 დედმამიშვილი) ანა კალანდაძის მონაწილეობა ვენეციის საერთაშორისო კონკურსზე.

ქვესადგური. ახალი ფეროს გახსნაზე

– ახლახან ზესტაფონში „ჯორჯიან მანგანეზისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება – „სიკეთე გადამდებია“ ჩატარდა. თეატრში სიტყვით თქვენც გამოხვედით. „ჯორჯიან  მანგანეზმა“„ელიტარული სკოლის მოსამზადებელი ცენტრის 33 აბიტურიენტ დააფინანსა…
– ეს  იყო მსოფლიო და ქართული ქველმოქმედების მთელი ისტორია, მათ შორის „ჯორჯიანმანგანეზის“ დაარსებიდან დღემდე, სლაიდებით გადმოცემული, სადაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა „ჯორჯიან მანგანეზის“ გაკეთებულ საქმეებს, სკოლების, გაჭირვებულების, მუნიციპალიტეტისადმი გაწეულ ქველმოქმედებას…
საღამო პედაგოგ ქეთევან ქათამაძის ინიციატივით ჩატარდა, ვინც წარმოადგინა ჩვენთან პროექტი, რომ აბიტურიენტებს ჰქონოდათ მომზადებისა და  ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ეს პროექტი მათ დავუფინანსეთ და, მართლაც, 33აბიტურიენტი გადამზადდა. რაც შეეხება  ამ ღონისძიებას, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მთელი რაიონის აქტივი გულმოდგინედ მუშაობს ხოლმე, ასეთი დონის ღონისძიებებს ჩასატარებლად და ამ ქალბატონმა კი, ხელოვნების დარგის მოღვაწეთა გვერდით დგომით, მარტომ შეძლო სოლიდური ღონისძიების მომზადება-ჩატარება.
– რას გააკეთებდით თქვენი ქალაქისთვის, რას შეცვლიდით?
– ჩვენს ქალაქში მერი წარმატებული ბიზნესიდან მოვიდა, მჯერა, თუ რამე გასაკეთებელია, კახა მახათაძემ უნდა შეძლოს.
გასაკეთებელი ბევრია, ჯერ დედაქალაქში რამდენი და რეგიონში კიდევ უამრავი. ვხედავ, ქალაქში რაღაცები გაკეთდა. მოწესრიგდა, გალამაზდა, მე მგონია, რომ ასევე გაგრძელდება. რჩევისა და მიხმარებისთვის მზად ვარ. მე მგონია, რომ თვითონაც გრძნობენ ამას და მეც ვერ ვისვენებ,  გვაქვს კომუნიკაცია, ვურეკავ ვსაუბრობთ…
ქარხანაშიც კარგი სიახლეებია…
– ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბევრი რამ გავაკეთეთ. დღე-დღეზე გავხსნით ახალი შემოსასვლელის პირველ რიგს.
უზარმაზარი მოედანი დავაბეტონეთ, გავამწვანეთ, გავალამაზეთ, აქ შემოვლენ მიკროავტობუსები და მოიყვანენ მუშა-მოსამსახურეებს. ისინი გაივლიან ახალაშენებულ და კეთილმოწყობილ შენობას, სადაც ტურნიკეტი დგას და აფიქსირებს მისვლა-მოსვლას, აქედან მათ ქარხნის ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით გადაადგილებისას, ხვდებათ მობეტონებული ფართო გზა საავატომობილო სვლისთვის, და ამ გზის გასწვრივ ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ბილიკები, რომელსაც გვერდზე მისდევს გამწვანება და განათება. ასე რომ, დაახლოებით 500 მეტრი სიგრძის, 8 მეტრი სიგანის გზები და თან მიმყოლი ინფრასტრუქტურა დავაბეტონეთ, მოვაწესრიგეთ და 22 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გავხსნით.
– დიდი სამუშაო ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება გამწვანების ღონისძიებები…
– კახეთიდან ჩამოვიტანეთ 200 ძირი ტუია და 50 ძირი კედარი.  დედამიწის დღის აღსანიშნავად, ჩვენი ხელით ჩავრგეთ, ვუვლით, ვრწყავთ, და გვინდა მართლა შვილებივით გავზარდოთ. ყველამ გაიხარა.
მალე შემოდგომა მოვა და ფართობს ვამზადებთ გამწვანების ახალი სამუშაოებისთვის. ქარხანა და მისი მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გამწვანდება.

მეუფე მელქისედეკისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის – კახა მახათაძის ქარხანაში სტუმრობა

– ჰობი…
– ბავშვობიდან სპორტს მივდევდი, კალათბურთი და ფეხბურთი  ჩემი დიდი გატაცება იყო. ზესტაფონში არსებობს კლუბი „ზესტაფონი“, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, მოკვეთეს საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგიდან იმის გამო, რომ კლუბის პრეზიდენტმა ხმამაღლა განაცხადა, ჩვენს ფეხბურთელებთან მივიდნენ და ქრთამი შესთავაზესო. მაშინ, როცა ამაზე არავინ ხმას არ იღებდა, ამ ადამიანმა ხმამაღლა გამოაცხადა  და უთხრა ყველას, ასეთი რამეები ხდება ქართულ ფეხბურთშიო. ყოველ შემთხვევაში, დღეს ისევ დაიწყო ამ გუნდმა აღორძინება. რამდენიმე წელი, ფაქტობრივად, უმოქმედოდ იყვნენ, თუმცა უმოქმედობას მაინც ვერ დავარქმევ, კლუბის მეპატრონე არ გაჩერებულა, ბაზას აშენებდა, მინდვრები გააკეთა. ცნობილია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს ბაზების პრობლემა აქვს,  სკ „ზესტაფონის“ ბაზები კი, თითით საჩვენებელიაზესტაფონსა თუ თბილისის ზღვაზე.
17-წლიანთა გუნდი უკვე აღორძინდა და მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში, ვიმედოვნებ, ეს ბიჭები წამოიზრდებიან და უმაღლეს ლიგამდეც მალე ამოვლენ.
– თამაშებზე დასწრებას ახერხებთ?
–  შეძლებისდაგვარად ვახერხებ, თუმცა ხდება ისეც, რომ სამუშაო არ გიშვებს. თავის დროზე ყოფილა შემთხვევები, საჩემპიონო მარათონის დროს, საწარმოო თათბირებიც გადამიდია.
– იმედია, კიდევ დადგება ასეთი დრო…
– ამ იმედით ვართ განწყობილნი…
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– შვილიშვილები მომაწიეს შვილებმა,  დღეს ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ და მათთან გატარებული ყოველი წუთი, საათი და დღე,  ჩემთვის ახალი სტიმულის მომცემია. შვილიშვილი ვასილ ზურაბის ძე, ჩემი მოსახელეა, პატარა მარიამი გვყავს ნახევარი წლის. მაგარი ქალია, ის ყველაზე მეტად გვავსებს. გვაძლევს სტიმულს, რომ მეტი ვაკეთოთ, ვიმოქმედოთ, ვიყოთ ახალგაზრდები.
ორი ვაჟი მყავს. ზურაბმა დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობს ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, უმცროსი ირაკლი, თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით სწავლობს.
მეუღლე ნონა ძიძიგური მეტალურგია, ერთად ვსწავლობდით პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. დამთავრების შემდეგ დავქორწინდით და ერთად წავედით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში.

ოჯახი, – ნონა ძიძიგური, ზუკა, ირაკლი, ვასკა და მარიამ გველესიანები, თამარ (თაკო) კიკნაველიძე, მარიამის ნათლობაზე

– გამოდის, რომ შვილებმა მეტალურგის პროფესია არ აირჩიეს…
– როგორც ბიძამ მომცა ბიძგი, რომ მეტალურგი გავმხდარიყავი, მე ჩემი შვილებისთვის არ მიბიძგია,  მათ თავისუფალი არჩევანი მივეცი, რომ თვითონ მოეძებნათ ის პროფესია, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა ამ ცხოვრებაში.
– იყო დრო, მეტალურგიაზე ქართულ ფილმებს იღებდნენ. ამ სულისკვეთებით გადაიღეს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. რამდენად პერსპექტიულია საქართველოსთვის მეტალურგია?
– ჩვენ ვართ ხალიბების შთამომავლები, რომლებიც ერთ-ერთი პირველი მეტალურგები იყვნენ. კავკასიურმა ტომებმა პირველებმა გამოადნეს და დაიმორჩილეს  ლითონი.
რამდენიმე დღის წინათ აჩვენეს ეს ფილმი ტელევიზიით. სხვათა შორის,  მთიელების გვარები დომინანტური იყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
მე მრავალჯერ მითქვამს, დღეს რომ მოდის ახალგაზრდა თაობა და ჩვენთან იწყებს მუშაობას,  უკვე პროფესიონალი მეტალურგების ხელში იზრდება. წარმოდგენილი მაქვს, 1933 წელს რა იქნებოდა, როდესაც ყანიდან, ვენახიდან, მინდვრიდან გამოჰყავდათ ახალგაზრდები, მოჰყავდათ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და მათ მისცეს პირველი შენადნობი. ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება, როგორ შეძლეს ამის გაკეთება. ის პირველი თაობის ახალგაზრდები მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. განსაცვიფრებელია ნამდვილად.
მეტალურგია რომ პერსპექტიული დარგი არ იყოს, დღეს იმდენი ფეროშენადნობთა ქარხანაა საქართველოში… ისე როგორც ღვინის ქარხნები.
– მომავლის გეგმები…
– ყველაზე მთავარი ჩვენთვის  ის არის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად სუფთა საწარმო ვიყოთ. მტვრის გარეშე მრეწველობა არ არსებობს, წარმოუდგენელია, მაგრამ არის სწრაფვა, რომ ევროპულ ზღვრებში ჩავეტიოთ, სამომავლოდ დაგეგმილი კაპიტალური შეკეთებები, აუცილებლად განხორციელდება ისე, რომ ჩვენც გავაკეთოთ და ავაშენოთ ღუმელები, რომლებიც გარემოს ნაკლებად დააბინძურებს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი