„ეს ჩემი ლოზუნგია: „აღსდექ, საქართველოვ!“ – ჩოხოსანი, ტრამპის ნაჩუქარი ქუდით…

ერთი შეხედვით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას – ქართული ჩოხით, ხალხური სიმღერებითა და სადღეგრძელოებით…
თბილისის ძველ უბანში დაბადებული და გაზრდილი  მშობლიური ქალაქის კოლორიტულ სახედ  ქცეულა…
პროფესიით ექიმ-ტრავმატოლოგია,  უყვარს თავისი საქმე და, ამავდროულად,  საზოგადო საქმეების ავანგარდშია.
ახლახან,  კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში, მეორე მსოფლიო ომის დროს ტექსელის კუნძულზე დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება ჩაატარა.  ტექსელის აჯანყებ და დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ექიმის, ორთოპედისა და ტრავმატოლოგის, საზოგადოებატექსელისაქართველოსთავმჯდომარის,  რეზო სულავას პერსონა.

– „ტექსელ-საქართველოს კონტაქტის“ თავმჯდომარე ქალბატონი მარია დე გრააფი საქართველოში ჩამოსვლის დროს ერთ ოჯახში გავიცანი. საზოგადოება 1990 წელს დაფუძნდა კუნძულ ტექსელზე. იქიდან მოყოლებული მარია დე გრაფის დახმარება  საქართველოსთვის უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანია.
1999 წელს, როცა უწმინდესთან ერთად ჩავედით ტექსელზე ქართველთა საფლავების მოსალოცად, მაშინ მთხოვეს, იქნებ საქართველოში ქუჩას, ან სკვერს კუნძულ ტექსელის სახელი უწოდოთო. მართლაც, კუნძულივით პარკი შევარჩიეთ დიდ დიღომში და ტექსელის სახელობის  სკვერი დავარქვით.
3 მაისს სკვერში მოვაწყეთ სცენა. მე ჩოხით ვიყავი, ჩოხით მოვიდნენ  ჩემი ბიჭებიც. იყო სიმღერები, სიტყვებით გამოსვლა, ჰოლანდიელებს მადლობა გადავუხადეთ ქართველთა საფლავებზე ზრუნვისთვის. დაიბადა იდეა, რომ დაღუპულების ხსოვნის უკვდავსაყოფად ხსოვნის მემორიალი დაიდგას.
ჰოლანდიელ ხალხს პატიება ვთხოვე დიდი სისხლისღვრისათვის, რომელიც ქართველებმა იქ დაიწყეს. ისინი მხარში დაუდგნენ ჩვენებს  და მაშინ 97 ჰოლანდიელი დაიღუპა. იყო ვერსია, რომ სტალინი აღარ მიიღებდა ტყვედ ნამყოფ ამ ხალხს. 6 აპრილს, შუაღამისას, დაიწყო აჯანყება, იარაღი აართვეს გერმანელებს და 200 გერმანელს  ყელები გამოსჭრეს. შეტაკებები წავიდა, საშინელი სისხლისღვრა დატრიალდა, ტყვეთა ბანაკის კომენდანტი გაძვრა კუნძულიდან და მაშველი გამოიძახა.  ატყდა იქიდან ყუმბარმტყორცნები 800 ქართველიდან  476 გაჟუჟეს. ამ დროს ჰოლანდიელები ქართველებს უჭერდნენ მხარს.
ჰოლანდიელებმა  გადმომიგზავნეს თავიანთი ღონისძიების სურათები. ისინი ჰოლანდიის თავისუფლების დღეს – 4 მაისს გავიდნენ საფლავებზე.
ტექსელის ამბებზე წიგნი დაწერა ცნობილმა ჰოლანდიელმა მწერალმა ქალმა იმე დროსმა. მაშინ  იგი 5 წლის იყო, ტექსელზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ჰიტლერმა ისე გაანადგურა ჰოლანდია – ამსტერდამი, ჰააგა, უტრეხტი, საჭმელი არ დაუტოვა ხალხს.  უფროსმა თაობამ,  ვისაც სად ჰყავდა ბავშვები,  წამოიყვანა ისინი ტექსელზე, რომ ბავშვები მაინც გადარჩენილიყვნენ. იმე დროსს შეუყვარდა ქართველი ჯარისკაცები და 60 წლის რომ გახდა, დაწერა წიგნი: „გამარჯობა, ლამაზო ჯარისკაცო“. იგი აღწერს, როგორ   მიჰყავს მამამისს ტყეში, რომ ჩვენს პარტიზანებს საგზალი მიუტანოს. რესტორანში შედის და იქ აკვირდება მებრძოლებს, გერმანელები სხედან ერთ მხარეს, ქართველებიც გერმანული ფორმით მეორე მაგიდას უსხედან. მაგრამ ისე ლამაზად მღეროდაო, – ქართველ ჯარისკაცზე წერს, – სულ არ ჰგავდა იმ ჰანსებს, ანუ ფრიცებსო…
ტექსელზე ქართველ მეომართა აჯანყების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (1945-2005) კი ეს წიგნი ქართულადაც გამოიცა. კრებული შეადგინა და ტექსტები ჰოლანდიურიდან თარგმნა უნივერსიტეტის პროფესორმა ლია გოგუაძემ. ქალბატონი ლია, ასევე თინა მარგალიტაძე პირველი წევრები არიან იმ საზოგადოებისა, რომელიც 1990 წელს დაფუძნდა კუნძულ ტექსელზე. სასწაული ხალხია ჰოლანდიელები, 500 ვარდია დარგული ქართველთა სასაფლაოზე და უვლიან ზღაპრულად.
მარია დე გრააფი გაისად, 24 სექტემბერს, 80 წლის ხდება. მინდა გადავუგზავნო წლევანდელი ღონისძიების მასალები, ჰოლანდიელებთან ურთიერთობის აღდგენა ძალიან კარგი იქნება და წაადგება ჩვენს ქვეყანას.
ტექსელზე აჯანყებული ქართველების შვილები ცხოვრობენ, ერთი მათგანი – თემო ნატროშვილი აგვისტოში ჩამოდის საქართველოში. ბაბუა ადრევე დაბრუნდა და დედოფისწყაროშია დაკრძალული.
– ექიმობა ბავშვობიდან გინდოდათ?
– ბავშვობიდან ვხატავდი, შვიდწლედი  ისე დავამთავრე, ორჯერ მეექვსე კლასში ვიჯექი.  სიმღერაც ძალიან მიყვარდა და დღესაც უზომოდ მიყვარს.
სახლში ყველა ვმღეროდით – დედა, ბებია, ძმა…  არაჩვეულებრივი ბელკანტო ჰქონდა მამაჩემს. 1966 წელს, სკოლას ვამთავრებდი, რომ მამაჩემი გახდა ცუდად. დედამ მითხრა, შვილო, ხომ იცი, ექიმობა ღვთის ნაბოძებია, შენგან კარგი ექიმი დადგება, სიმღერას კი ისედაც ისწავლიო. დედის რჩევით, მართლაც, ჩავაბარე სამკურნალო ფაკულტეტზე, ქირურგიის განხრით. მას მერე სად აღარ ვიმუშავე ტრავმატოლოგად… საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
– ტრამპის ნაჩუქარი ქუდი გაქვთ… გაიხსენეთ ეს ისტორია…
– თუ არ ვცდები, 1993 წელი იყო, რომ გავფრინდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიწვეული ვიყავი, როგორც მსოფლიოს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია  „ახალგაზრდების ქრისტიანი ოჯახების კავშირის“ საპატიო თავმჯდომარე.
ატლანტაში, ჯიმი კარტერის ცენტრში ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალურ წევრად მიღებაზე  მოვიდა ტრამპი, ასევე – ძალიან ცნობილი პიროვნებები. შემოიარა, პარკები დაგვირიგა ყველას. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო იგი. მოგვიანებით ვნახე – პარკში  კეპი, წიგნები, კალმები ელაგა. კეპკა აგარაკზე დავტოვე, ბავშვები იხურავდნენ ხოლმე…  შარშან შემთხვევით მომხვდა ხელში და დავიხურე,  ჩავიხედე სარკეში და ვხედავ: „დონალდ ტრამპი“ – აწერია. აი, საიდან ვიცნობ დონალდ ტრამპს! მერე აღმოვაჩინე, რომ თავად მან გვაჩუქა ეს კეპკა.
– რამდენადაც ვიცი, ამ ორგანიზაციამ კარგი საქმეები გააკეთა…
– ამ ორგანიზაციის დევიზია: „სპეტაკი სული, ნათელი გონება და ჯანმრთელი სხეული“.
ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში პირველებმა: ბეისბოლი, ქუჩის კალათბურთი… იქ არაჩვეულებრივი ბანაკები აქვთ. ბავშვებს ამეცადინებენ, ასწავლიან ურთიერთობებს, ფაქტობრივად, ლიდერობის სკოლაა. ატლანტაში ვნახე ბანაკი, ჰარბორის ტბასთან, რომელიც თბილისის ზღვასთან შედარებით, 50-ჯერ უფრო დიდია, მთის კალთებშია მოქცეული. ბანაკის პატარა ფრაგმენტი, უკვე გერმანელების მხარდაჭერით, მოგვიანებით ურეკში გავაკეთეთ.
–  რა ხდება თქვენს სფეროში,  რა უნდა გაკეთდეს ჩვენთან, რომ წინსვლა იყოს?
– სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ ევროპისგან. კი არის წინსვლა ჩვენს პროფესიაში, მაგრამ უმნიშვნელოა. ჰოლანდიაში  დილის 8 საათზე უკვე იწყება ოპერაციები, 1-ის ნახევრიდან 2-ის ნახევრამდე – ექიმია, ვექილია, სახელმწიფო მოღვაწეა, პარლამენტია, ყველა აბსოლუტურად, მთელი ჰოლანდია ისვენებს. რამე რომ დაგჭირდეს და მიხვიდე 1-ის ნახევარზე, ვერავის ნახავ, დაკეტილი დაგხვდება.
იქ სულ სხვა სისტემაა, იქ ექიმი ექიმს არ ეხმარება ოპერაციაზე. იქ არის საოპერაციო ასისტენტობა, ის ეხმარება ქირურგსაც, ტრავმატოლოგსაც, გინეკოლოგსაც… მას აქვს სათანადო განათლება, მოჭრილი ხელფასი, საოპერაციოდან ფეხს არ დგამს. ის არის საოპერაციოს პერსონალი. იქ აღრიცხვაზეა ყველაფერი.
ახლა რომ ატყდა ამბავი, ბავშვს დაუტოვეს მუცელში საფენიო, იქ ასეთი რამ არ მოხდება. შეიძლება სხვა გართულება მოჰყვეს ოპერაციას, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება. რატომ? იმიტომ, რომ ის საფენი კონტროლირებადია.
ჯობია გაძვირდეს ოპერაცია და ყველაფერი რიგზე იყოს, ვიდრე საფენის დარჩენის რისკი არსებობდეს.
ჰოლანდიიდან ერთი საოპერაციო მეთოდი 1995 წელს მე წამოვიღე და დავამკვიდრე საქართველოში, ეს არის – მენჯბარძაყის სამკურნალო ოპერაციების სპეციალური კონსტრუქცია, რომლითაც მოტეხილობა უნდა აღდგეს. ახლა ამ კონსტრუქციით უკვე მუშაობენ ჩვენი ექიმები.
ჰოლანდიაში, თავის დროზე, ანსამბლი  „კერეონი“დავაფუძნე, რომელიც ძველქართული სიტყვაა და კელაპტარს ნიშნავს. ლევან გოლიაძის ანსამბლია და ჰოლანდიელების ქართულ სიმღერებს სწავლობენ.
– მწერლები, ხელოვანები კარგად იცნობენ თქვენს მუსიკალურ ნიჭს – შეხვედრებზე, შეკრებებზე ხშირად გვაქვს თქვენი მოსმენის ბედნიერება …
– იმ დღეს ტექსელის პარკში სწორედ  მე წამოვიწყე „მრავალჟამიერი“. თავის დროზე, ექიმების ანსამბლი „აქიმი“ მქონდა, იქაც ვმღეროდი.  კომუნისტურ ეპოქაში ჩოხებით გამოვდიოდით.
ბატონი არნოლდ გეგეჭკორის საღამოზე ასეთი რამ მოხდა –  საღამოს ბოლოს წამოვდექი და ვთქვი, ახლა, როგორც ყველა დიდებული ღონისძიება, უნდა დავამთავროთ კახური ღვინით-მეთქი. ყველამ იფიქრა, რომ არნოლდი რესტორანში ეპატიჟებოდათ. ამასობაში ვთხოვე კონცერტმეისტერს, დაეკრა (წინასწარ შემზადებული გვყავდა). და წავიდა მელოდია: „ღვინოვ კახურო“…
– მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი ლადო ათანელი თქვენი მეგობარია…
– ლადო დიდი მომღერალია, მეუღლემ ხელი შეუწყო, მისი კონცერტმეისტერია. ორი ვაჟი ჰყავს პირველ მეუღლესთან, ორივენი მშვენივრად მღერიან და, ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვთ.
საერთოდ, შინაურულ წრეში ლადო იშვიათად მღერის. ერთხელ, დაბადების დღეზე ვუთხარი ტრისტან სალარიძეს, მოდ, ლადო ვამღეროთ-მეთქი… მანაც გამოაცხადა, ახლა იმღერებს საქვეყნოდ ცნობილი ექიმი, მომღერალი რეზო სულავა ლადო ათანელის თხოვნითო.
ლადო არ ელოდა,  თვალები გაუფართოვდა… გავედი, ვიმღერე და მერე, იცოცხლე, – გამოვიდა თვითონაც. სხვა რა გზა ჰქონდა…
– ჰობი?
– სიმღერა, ცურვა, სპორტი, ველოსიპედი, ველოსიპედზე ვიჯექი,  ინფარქტი რომ დამემართა…
– რატომ?
– დაუდეგარი ვარ და იმიტომ… (იცინის)
როგორც გითხარით, ძალიან მიყვარდა ხატვა… სკოლის პერიოდში, სტუდენტობისას კარიკატურებით სავსე ალბომები მქონდა. ლექტორებს ვხატავდი,  თუ ინსტიტუტში ვინმეს დავხატავდი, ის სურათი უმალ ქრებოდა, ვიღაც წაიღებდა ხოლმე. ახლა იშვიათად ვხატავ…  ამას წინათ, შევხედე დაჩემი კოლეგა დავხატე, კედელზე აქვს გაკრული… ახლა ჩემი შვილიშვილი ხატავს.
– პოეზია?
– ხანდახან შვილიშვილებს ვუწერ ხოლმე… მაგრამ სხვისი ლექსები უფრო მახსოვს ზეპირად. ექიმ თამაზ სანებლიძის მშვენიერ ლექსებს გავიხსენებ. მან რაგბისტების ჰიმნი დაწერა, ჩოხოსნების თხოვნით და ჩემი ინციატივით კი, ამ ლექსზე ვაჟა აზარაშვილის სიმღერა შეიქმნა. მაგრამ, ამის მიუხედავად, რაგბის დღეს ფატობრივად ჰიმნი არ აქვს. ვიღაცებს არ მოეწონათ ეს ამბავი – როგორ არ გამოაცხადეთ კონკურსი, ჩვენ რა ნაკლებს დავწერდითო?!
პოეზიაზე მკითხეთ და, თამაზ სანებლიძის ლექსს გეტყვით, რომელიც თბილისს მიუძღვნა თამაზმა:

„არაფერი მე არ მინდა,
რაც მაქვს, ისიც ბევრია,
ერთი თბილი სიტყვა თქვი და
ჩემი გული შენია.
ფიანდაზად დაგეგები,
გულს გაგიხსნი სევდიანს,
კეთილ სიტყვას დავნებდები,
ასე გადამდებია.
სიყვარულის გზას გავკვალავ,
ალაგ-ალაგ ეკლიანს,
ერთს კი არა, ცხრას გადავალ,
ცხრა მთას ნაირფერიანს,
არაფერი მე არ მინდა,
რაც მაქვს, ისიც ბევრია,
ერთი ტკბილი სიტყვა თქვი და…
ჩემი გული შენია“.

 – ყველა ფიქრი თბილისთან მიდის… თბილისის ძველ უბანში დაიბადეთ… დედა ცნობილი პიროვნება იყო…
– დავიბადე ძველ უბანში, დავითაშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდი რომ იყო, მტკვარზე, სადაც ფილმი „ჩვენი ეზო“ გადაიღეს.  იქ ვცხოვრობდით 1949 წლიდან 1958 წლამდე. როცა ქართულმა საზოგადოებრიობამ დაიწყო გამოსვლები შეძახილებით: „ლენინ, სტალინ“, ხრუშჩოვმა ჩათვალა, რომ ეს იყო ეროვნული მოძრაობა საბჭოეთის წინააღმდეგ  და დახვრიტა ახალგაზრდობა სტალინის ძეგლთან. მაშინ 4 წლის ვიყივი, მაგრამ 56 წელს  საბურთალოზე გადავედით საცხოვრებლად.
დედაჩემი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ფეიქრების ქუჩა გაგიგიათ? დედაჩემის გაკეთებულია ის ქუჩა. იქ ფაბრიკაა, რომლის დირექტორიც დედაჩემი იყო. ეს ფაბრიკა გარკვეული ნომრის ძაფს უშვებდა. დედაჩემმა იმ დონეზე აიყვანა ეს საქმე, რომ უცხოეთიდან ძაფი აღარ შემოდიოდა და ფაბრიკები იმ ძაფით მარაგდებოდა.
იქ მისასვლელი ქუჩა მაშინ არ იყო, უნდა მოგევლო  „ელმავალმშენებელი ქარხნიდან“. დედაჩემმა შეადგინა  პროექტი, ჩავიდა სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე ბაიბაკოვთან, 60-იანი წლების დასაწყისი. აუხსნა, რა მდგომარეობაც იყო, თვენახევარში გზის მშენებლობა დაიწყო. და აგერ ახლა გზა არის. სულ მინდოდა, დედაჩემის სახელი -ეველინა თავაძის ქუჩას დარქმოდა.  ძველებმა იციან, რომ ის ქუჩა დედაჩემის გაკეთებულია.
მტკვრის პირზე ხეხილის ბაღი გაშენა, სადაც უამრავი სახეობის ხეხილი მოდიოდა და საამქრო გააკეთა, სადაც ფაბრიკიდან გამოსული მუშა, მოსამსახურე კაპიკებად, სიმბოლურ ფასად 15-20 კაპიკად ყიდულობდა ალუბლის მურაბას, ჯემს, კომშს, მსხალს.
მამამ 5 წელი სამამულო ომში იბრძოლა, მერე ჩამოვიდა, ინჟინერი იყო.
–  როგორ მოგწონთ დღევანდელი თბილისი?
– დღევანდელი თბილისი ნამდვილად არ მომწონს, ეკოლოგიური თვალსაზრისით საშინალი სურათია.
ჯერ ის იყო დიდი დანაშაული, რომ მარჯვენასაჭიანები შემოიყვანეს, შემოდის და შემოდის, იაფია და ყიდულობენ. გაიჭედა ქალაქი, ერთ მშვენიერ დღეს ალბათ გასაჩერებელი ადგილი აღარ იქნება…
გარდა ამისა, ქუჩებიც არ ყოფნის მანქანებს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყველა ფარეხში სამეცნიერო დაწესებულებაა გახსნილი, იყიდება ყველაფერი. ამას წინათ, საპატრიაქროს გვერდით ქუჩაზე მანქანა რომ გავაჩერე, ვიღაც  მეკითხება, ხომ არ იცით, ბატონო,  ჩვენს მანქანებს აქედანაც ხომ არ წაიყვანენო. დღეს არ წაიყვანენ, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი- მეთქი, ვუპასუხე.
არც ის ურთიერთობები აღარ არის, რაც იყო ჩემი მშობლების დროს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ფულის მოხვეჭის სურვილმა ურთიერთობებიც გაამწვავა.
– თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით თბილისში?
– თბილისში რას შევცვლიდი და,  ნარკომანიაზე და  ნარკოტიკების ლეგალიზებაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. როგორ შეიძლება იმ ბარებში ჩასვლა? იქ საშინელება ხდება.
ჰოლანდია ნარკოტიკის ქვეყანაა, მაგრამ ამ საკითხს იქ სხვანაირად ეკიდებიან, იქ ნარკომანი არ შეგაწუხებს.
იქ ყოფნისას სტუმრად მოვხვდი ერთ ოჯახში. მასპინძელმა აგვიყვანა მესამე სართულზე, ვხედავ მცენარეს, მივხვდი, რომ მარიხუანა იყო. რად გინდათ- მეთქი? –  ვკითხე. შაბათ-კვირას სტუმრები რომ მოვლენ, მე და ჩემი შვილი თითოს მოვწევთო, დანარჩენ დღეებში- მეთქი? არაო, სამუშაოაო.
ძალიან კულტურულები, ერუდირებულები არიან, იციან, რა არის მავნე, რას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფა. იქ სოფლებია, რეზერვაციებია, სადაც ნარკომანები ცხოვრობენ. ნარკოტიკსაც აძლევენ, სასმელ-საჭმელსაც, ოღონდ, კაი დედმამიშვილია, ქალაქში გამოვიდეს, დაიჭერენ….
– ამჟამად ყოფილ მერვე კლინიკაში ტრავმატოლოგ-ორთოპედად  მუშაობთ… რა გეგმები გაქვთ?
– სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაა, მაგრამ უკვე გადავიღალე,  ერთ თვეში 69 წლის ვხდები. აქტიური ქირურგიისთვის ეს ასაკი დიდია.
მთავარია, მრავალი რაღაცის კეთების სურვილი არ გაქრეს. მაგრამ საჭიროა მატერიალური მხარდაჭერა. ახლა სწორედ მატერიალური მხარდაჭერისთვის  ვზრუნავ.
– ოჯახი…
– სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს. ლიკამ, ვიკამ, მარიამმა ექიმის პროფესია აირჩიეს. მეუღლე თამარიც ამ სისტემაშია.
– რას გეგმავთ, როგორც თბილისის ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე?
– 1983 წლიდან ოფიციალურად ვარ თბილისის ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე. პირველი ჩოხოსნები იყვნენ – კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ალექსანდრე აბაშელი…
ვზრუნავთ ეროვნული ტრადიციების შენახვაზე, სუფრის ტრადიციის აღდგენაზე… დღეს აღარ არსებობს ქართული ნადიმი.
ჩემს სადროშოს ერქვა – „აღსდექ, საქართველოვ“. ეს ჩემი ლოზუნგია – „აღსდექ, საქართველოვ!“

 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები