როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტდანაშაულისგან

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად გვიჩვენა, რომ საქართველოში კრიმინალის ახალმა სახეობებმა აქტიურად იჩინა თავი. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, უკანონო იარაღით ვაჭრობა თუ სხვა კრიმინალური საქმიანობა უკვე ქართულ ინტერნეტსივრცეშიც გვხვდება. მაინც რით გვემუქრება ინტერნეტის შავი ბაზარი? საზოგადოებაში ამაზე უკვე ბევრს საუბრობენ. გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, თითქოს „ბნელი ინტერნეტსაიტების“ დახურვით კრიმინალი გაიზრდება და ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო საშიში გახდება, ვინაიდან და რადგანაც  ასეთი საიტების არსებობა რეალურად  მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაღალი ხარისხის პროდუქტი შეიძინოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკით გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდება. მაინც რა არალეგალური პროდუქცია ბრუნავს ინტერნეტვაჭრობის საშუალებით, როგორ არის შესაძლებელი აკრძალული პროდუქციის შეძენა და რა გზები არსებობს მის აღსაკვეთად? სანამ ე.წ. შავი ინტერნეტბაზრის თემაზე უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის, CASE-ის დირექტორი ლაშა პატარაია გვიპასუხებს, მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანება სავაჭრო ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით. უმსხვილესი ბაზარი AlphaBay, რომელიც (FBI) გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ 2013 წელს დახურულ პლატფორმაზე – Silk Road-ზე ათჯერ დიდი ზომის იყო,  დაიხურა. ორივე პლატფორმა ონლაინ შავი ბაზრის წარმომადგენლად ითვლება. აქ მომხმარებელს აკრძალული მედიკამენტების, ნარკოტიკის, ყალბი დოკუმენტების, იარაღის და უამრავი სხვა პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა შეეძლო. მაშ ასე:

 – ბატონო ლაშა, რას ნიშნავს ინტერნეტის „შავი ბაზარი“ და რამდენად არის ის ხელმისაწვდომი საქართველოში?

– მოგეხსენებათ. ინტერნეტი გლობალური ქსელია და ისივე როგორც ინტერნეტს, მასში გავრცელებულ კრიმინალსაც არ გააჩნია საზღვრები. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში კიბერ კრიმინალი და ზოგადად, ინტერნეტსივრცეში ჩადენილი სხვა კრიმინალური საქმიანობა, მოსახლეობაში ჰოლივუდურ ფილმებთან და სამეცნიერო ფანტასტიკასთან ასოცირდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს პრობლემის სიმწვავე. უკვე არაერთი ქეისი დაფიქსირდა საქართველოში, დაკავებული არიან კონკრეტული რეალიზატორები და მათთან დაკავშირებული პირები, რასაც, სავარაუდოდ, გაგრძელება აუცილებლად ექნება. ამდენად, საქართველოსთვის ეს საფრთხე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსახლეობის ცნობიერების დონე ამ მხრივ ჯერ კიდევ ასამაღლებელია.

– გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა აკრძალული მედიკამენტებისა, კიდევ რა შეიძლება მოიპოვოს დაინტერესებულმა პირმა აღნიშნულ „შავ ბაზარზე“?

– განსხვავება ინტერნეტსივრცესა და რეალურ ფიზიკურ შავ ბაზართან არის მის ერთგვარ ანონიმურობაში და უფრო მეტად ხელმისაწვდომობაში. ამ სივრცეშიც იგივე საშუალებები მოიპოვება და რიგ შემთხვევაში უფრო მეტიც, ვიდრე კლასიკურ კრიმინალურ შემთხვევებში. ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო იარაღი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საშუალებებისა, რაც მოიპოვება. არასრულწლოვანთა ამსახველი პორნოგრაფიული მასალები, სხვადასხვა რთულად ხელმისაწვდომი ნივთიერებები, სპეციალური ტექნიკური საშუალებები, დოკუმენტების გაყალბების სერვისი, ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაციის სერვისი და კიდევ სხვა საშუალებები უკვე ფართოდ ხელმისაწვდომია გათვითცნობიერებული მომხმარებლისთვის.

– როგორ პოულობენ ასეთ რესურსებს ინტერნეტსივრცეში და რეალურად როგორ იძენენ აღნიშნულ საშუალებებს?

– ასეთ თემებზე საუბარი საკმაოდ საფრთხილოა, რადგან არ უნდა წავახალისოთ, ინსტრუქტაჟი არ უნდა გავუწიოთ შესაძლო დაინტერესებულ პირებს თუმცა, ზოგადად რომ განვმარტოთ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვებგვერდებზე, ფორუმებზე, სოციალურ ქსელებში, ასევე ელფოსტით, sms-ებით, აპლიკაციებით გავრცელებული სპამით, რომელსაც თავად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ავრცელებენ. სხვადასხვა ქვეყნებში ანგარიშსწორების ფორმად გამოიყენება კრიპტოვალუტა, მაგალითად, რაც ასეთი დანაშაულების გამოძიებას საკმაოდ ართულებს, ანონიმურობიდან გამომდინარე. თუმცა საქართველოში ეს სხვადასხვაგვარად არის დაფიქსირებული, მათ შორის თანხის კაზინოს მომხმარებლის ანგარიშებზე დარიცხვით. ანგარიშსწორების შემდეგ მომხმარებელი ან პირდაპირ ელექტრონულად იღებს სასურველ პროდუქტს (თუ ეს ფიზიკური პროდუქტი არ არის) ან იღებს ტექსტურ და ფოტოინსტრუქციას მისი პროდუქტის განთავსების ადგილსამყოფელზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კრიმინალები თავად დებენ ამა თუ იმ საშუალებებს, მათ შორის ნარკოტიკებს და იარაღს რთულად აღმოჩენად ადგილებში და მყიდველს შემდეგ ეუბნებიან, სად უნდა აიღონ შეძენილი პროდუქტი.

– თქვენ აღნიშნეთ სირთულეც ასეთი დანაშაულის გამოძიების. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ასეთი დანაშაულების აღკვეთა ხშირ შემთხვევაში ვერ მოხდება? დავუშვათ, საგამოძიებო ორგანოებმა შეძლეს ამ კონკრეტული ტრანზაქციის გამოვლენა – მყიდველი და გამყიდველი, მაგრამ სავაჭრო ქსელის უკან მდგომი პირების იდენტიფიცირება, ალბათ, პრაქტიკულად შეუძლებელია.

– ასეთი სირთულეები მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ მწვავეა ნამდვილად, რადგან ქვეყანაში საკმაოდ დიდი დეფიციტია კიბერ უსაფრთხოების, კრიმინალის პრევენციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების. ამ საკადრო პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მერვე წელია ვმუშაობთ აკადემიაში და კიდევ უამრავი სამუშაოა, რადგან კიდევ და კიდევ ჩნდება კონკრეტული სფეროები, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად გვჭირდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს და მრავალი ახალი რეგულაციაც უფრო მეტად ზრდის ამ მოთხოვნას. რაც შეეხება გამოძიებას, მიუხედავად ტექნოლოგიური ფაქტორებისა, ქვეყანაში გვყავს საკმაოდ გამოცდილი სამართალდამცავი სფეროს პროფესიონალები და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კიბერსივრცეში ჩადენილი დანაშაული მხოლოდ კიბერსივრციდან არ ვლინდება და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამისმა სამსახურებმა კლასიკური ოპერატიული ღონისძიებებითაც გამოავლინონ.

– რა რჩევა შეგიძლიათ, მისცეთ მშობლებს? როგორ დაიცვან არასრულწლოვნები ასეთი გავლენებისგან?

– მე შემიძლია გესაუბროთ ასეულობით ტექნიკურ საშუალებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ოჯახებისთვის, რათა გააკონტროლონ კომპიუტერები, უკაბელო ქსელი, შეზღუდონ წვდომა სხვადასხვა მავნე საიტებზე, მაგრამ ამისთვის ინტერვიუს ფორმატი ვერ იქნება ეფექტური და პირიქით, შეიძლება უარყოფითი შედეგიც გამოიწვიოს ზედაპირულმა რჩევებმა. თითოეულმა ადამიანმა თავისი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს რჩევები, კონსულტაცია ან გაეცნოს უამრავ მასალას, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე თითქმის არ არის ასეთი ინფორმაცია, მაგრამ რუსულენოვან და ინგლისურენოვან რესურსებზე ამოუწურავად არის წარმოდგენილი ყველაფერი, რაც მშობლებს სჭირდებათ. მოკლედ, საკმარისია მოძებნოთ საკვანძო სიტყვა „Parental Controls“ გუგლსა და სხვა საძიებო სისტემებში და ყველაფერს იოლად იპოვით. მათ შორის გუგლის სპეციალური გვერდის თარგმნის სერვისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ ენობრივი ბარიერი გაქვთ. უსაფრთხოების საშუალებები შეიძლება გადაცდომითაც იყოს გამოყენებული და ამიტომ საკმაოდ დელიკატური შესარჩევია, რათა შეზღუდვის ნაცვლად კონტროლი და პირად ცხოვრებაში ჩარევა არ მოხდეს. თუმცა, ყველაზე საუკეთესო გზა არა ტექნიკური საშუალებების გამოყენება, არამედ სწორი მიდგომები და ფსიქოლოგიაა.

– რას გულისხმობთ ფსიქოლოგიასა და სწორ მიდგომებში?

– ხშირად მიკვირს, საქართველოში რამდენად არაეფექტურია ინტერნეტის უზარმაზარი პრივილეგიის გამოყენება. ნაცვლად განათლებისა და ზღვა ინფორმაციის მიღებისა, ადამიანები ხშირად მას მხოლოდ სოციალური ქსელისთვის და თამაშებისთვის იყენებენ. ამ თემებზე უამრავი რამ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან. სწორი აღზრდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომუნიკაციის ფსიქოლოგია თინეიჯერებთან და ა.შ. მთავარი გასაღები ასეთი პრობლემის, ჩემი აზრით, არა პირდაპირი შეზღუდვა, არამედ ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებელი ბავშვებისთვის უკეთესი ალტერნატივის ინსპირაციაა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ… თუ გსურთ, რომ თქვენი ბავშვის მშობელი თქვენ  იყოთ და არა „ფეისბუკი“ ან „იუთუბი“, გსურთ, დაიბრუნოთ მშობლის როლი, რომელიც ამდენი წელია ისე წაგერთვათ, რომ ვერ გააცნობიერეთ, რაც შეიძლება მეტი და მეტი ესაუბრეთ თქვენს შვილებს. ეცადეთ, ერთ ტალღაზე იყოთ მათთან. როდესაც სიგარეტის მოწევას აუკრძალავთ, თავად ნუ მოწევთ და როდესაც ალკოჰოლის ზომიერებაზე ესაუბრებით, ოცლიტრიანი ბოცით ნუ ივლით სუფრებზე. გახდით მათთვის მაგალითები, უჩვენეთ უკეთესი ალტერნატივა ცხოვრებაში, ერთად იარეთ ინტელექტუალურ ღონისძიებებზე, კულტურულ ივენთებზე, რატომაც არა, გაუზიარეთ ახალი წიგნი, სცადეთ, თავად ისწავლოთ უცხო ენა და ისე აუხსნათ მნიშვნელობა ენების ცოდნის, უჩვენეთ მათ უკეთესი ალტერნატივა, ან/და ისინი უბრალოდ იძულებულები იქნებიან, აიღონ ის, რასაც ქუჩა, უბანი და ინტერნეტის ბნელი მხარე შესთავაზებთ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები