კლუბი BASSIANI: კლუბში ნარკოტიკებით უკანონოდ არ ვაჭრობენ

კლუბი BASSIANI ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილმა ახალგაზრდებმა ჯერჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებები სწორედ კლუბის ტერიტორიაზე მოიხმარეს.

BASSIANI-ს განცხადებით, BASSIANI / HOROOM-ის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება.

“გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ BASSIANI / HOROOM-ის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე, თუ არ ჩავთვლით ჩვენს დაცვის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორ სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში.

მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავნე, მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით.

აგრეთვე სრული პასუსისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბ BASSIANI / HOROOM-ზე არანაირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს. კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება. ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბის ტერიტორიაზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ადამიანი ვერ ხვდება, როგორც ამას სხვადასხვა დაჯგუფებები გვაბრალებენ. კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება”, – წერია კლუბის განცხადებაში.

BASSIANI-ს ადმინისტრაცია დასძენს, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები გამოძიების შედეგებით და ხაზს უსვამენ ქვეყანაში მძიმე ნარკოპოლიტიკის არსებობას.

ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები