სოსო მანჯავიძე: ლომბარდები იმ ნარკოდილერებს დაემსგავსნენ, რომლებიც მომხმარებელს ნემსს აჩვევენ

“ლომბარდები იმ ნარკოდილერებს დაემსგავსნენ, რომლებიც აცდუნებენ მომხმარებელს, სვამენ ნემსზე და მერე ძნელია გადაჩვევა და თავის დახსნა”, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა.

მანჯავიძე ლომბარდების საქმიანობას „ყაჩაღურ ბიზნესს“ უწოდებს და ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მიესალმება.

„ჭარბვალიანობის საკითხის მოსაგვარებლად, მისასალმებელია ფინანსთა მინისტრის ინიციატივა. ლომბარდები გაჭირვებულ მოსახლეობას საკუთარ ქონებას იმდენად არარეალურად მაღალ პროცენტად ადებინებენ, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებამდე მიდიან. ამიტომ, ეს რეგულაციები დროულად უნდა დაწესდეს. გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც აცხადებს, რომ შეზღუდვები, თურმე, ბიზნესს დააზარალებს“ – აცხადებს მანჯავიძე.

მისი თქმით, თუ რეგულაციები არ დაწესდა, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. უკვე სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობის ქონება ბანკებსა და ლომბარდებშია ჩადებული და როდესაც თანხა მოცულობითია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ქონების დახსნა და სესხის გასტუმრება. მისივე თქმით, წინააღმდეგობა იქმნება მხოლოდ მევახშეებისგან.

„სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია ასეთი პარაზიტული და ყაჩაღური ბიზნესის განვითარება. თავის ნებაზე რომ იყო აქამდე მიშვებული, მივიღეთ კატასტროფული შედეგი.“- განაცხადა მანჯავიძემ.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, ლომბარდებს აეკრძალოთ, როგორც ავტომობილების, ისე უძრავი ქონების მიღება.

„ლომბარდები საქართველოში, გარკვეულწილად, ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად, ზოგჯერ კი, კრიმინალის წახალისების წყაროდ გადაიქცა“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები