ვინ მოიგებს და ვინ წააგებს 1 და 2-თეთრიანების ამოღებით?

2019 წლის პირველი იანვრიდან, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტროს  მიერ მომზადდა, ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, ნაღდი ანგარიშსწორებისას 1 და 2-თეთრიანების სიზუსტით დაანგარიშების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ იცვლება. მაგალითად, თუ კონკრეტული პროდუქტი 1,99 თეთრი ღირს მომხმარებელს მასზე 2 ლარის გადახდა მოუწევს. კანონპროექტის მიზანი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი: 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს აქვს დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი. მეორე: 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადების ხარჯი დიდია (მისი დამზადება, ჯამში, წელიწადში 1 თეთრი – 260 000 ლარი, ხოლო 2 თეთრი 100 000 ლარი ჯდება. – ავტ.), მესამე: დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, 1 და 2-თეთრიანი ნომინალი მონეტების  მიმოქცევიდან ამოღება საჭიროებს ნაღდი ანგარიშსწორებისას „ერთი თეთრის სიზუსტით“ განხორციელების პრინციპის „დამრგვალების მეთოდით“ შეცვლას. რაც შეეხება უნაღდო ანგარიშსწორებას, აქ დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება აღარ დგას. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს მთავრობა უკვე განიხილავს. „პრაიმტაიმი“ ამ საკითხზე საპარლამენტო უმცირესობის წევრს რომან გოცირიძეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, რომელმაც კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა:

კანონპროექტის მიღება განპირობებულია მომხმარებელთან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვისა და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით  განხორციელების პრინციპის გაუქმების აუცილებლობით, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა გამოწვეული. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ ხდება ამ მონეტების ბრუნვა, ის მიმოქცევაში გადის და ილექება, რასაც ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ ნომინალის მონეტების შემოსავალ-გასავლის მაჩვენებლები და, შესაბამისად, დალექვის კოეფიციენტი, რომელიც წლების განმავლობაში იზრდება და ამ პერიოდისთვის 1-თეთრიანი მონეტისთვის – 98%-ს, ხოლო 2-თეთრიანი მონეტისთვის 74%-ს შეადგენს. როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და პრაქტიკული  დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ანგარიშსწორების პროცესში „ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2-თეთრიან მონეტებს, ვინაიდან მათი დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ვერ ხერხდება ამ მონეტების შემდგომი გამოყენება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მონეტები არ წარმოადგენს გადახდის სრულყოფილ საშუალებას, მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1-თეთრიანი მონეტის დამზადების ხარჯი, საშუალოდ, 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2-თეთრიანი მონეტის – 0.033 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მათ ნომინალურ ღირებულებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღემდე ამ მონეტების მიმოქცევის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სებ-ის მიერ წლიურად გასაწევი ხარჯები, საშუალოდ, 462 ათას ლარს შეადგენდა. ამასთანავე, თანდათან იზრდება ამ მონეტების საშუალო წლიური გაცემები და თუ გაცემების ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდება, საპროგნოზო გათვლებით მომავალი 10 წლის განმავლობაში ამ მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი დაახლოებით 9,9 მლნ ლარს გაუტოლდება. ასევე, გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.

 ზემოხსენებული საკითხის დარეგულირების მიზნით, მოკვლეულ იქნა დამრგვალების პრინციპთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.  შესწავლილ იქნა 20 ქვეყანა, მათ შორის, ჩეხეთი, უნგრეთი, შვეიცარია, დანია, ისრაელი, ფინეთი, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სინგაპური, რომლებმაც შეწყვიტეს დაბალი ნომინალის მონეტების ემისია. შესაბამისად, ამ მიდგომით მიმოქცევაში შეამცირეს ან საერთოდ ამოიღეს მიმოქცევიდან დაბალი ნომინალის მონეტები.

ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შესწავლილი ქვეყნების დიდმა ნაწილმა არა მხოლოდ  შეწყვიტა ემისია, არამედ დაბალი ნომინალის მონეტებს დაუკარგა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი. მაგალითად, ჩეხეთი, უნგრეთი, შვეიცარია, დანია, ისრაელი, შვედეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია.

 როგორ ხდება დამრგვალება

დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას რამდენიმე პროდუქტის საერთო ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე – (ასეთი შემთხვევებისას კლიენტი ან თვითონ იყენებს 1 და 2-თეთრიან მონეტებს ანგარიშსწორებისას ან იგივე მონეტები უბრუნდება ხურდაში) – საერთო ფასის დამრგვალება მოხდება უახლოეს 0 ან უახლოეს 5 ერთეულამდე:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული  ფასი მრგვალდება დაბლა, ანუ  0-მდე;

3 და 4 თეთრზე  დამთავრებული ფასი მრგვალდება მაღლა, ანუ 5-მდე;

6 და 7 თეთრზე დამთავრებული მრგვალდება დაბლა,  ანუ 5-მდე;

8 და 9 თეთრზე  დამთავრებული ფასი მრგვალდება მაღლა,  ანუ 10-მდე.

იმისთვის, რომ დამრგვალების მეთოდი იქნას გამოყენებული, ორივე მხარე, კლიენტიც და მეწარმე სუბიექტიც, სწორად უნდა იყვნენ ინფორმირებულები.

დამრგვალების გამოყენება ყველაზე ნაკლებ ეფექტს რამდენიმე პროდუქტის ყიდვისას, დიდი ოდენობით თანხის გადახდისას მოახდენს, და უფრო მეტ ეფექტს, ცალკეული პროდუქტის შეძენისას (მაგ., ასანთის კოლოფი). აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამრგვალება ხდება საერთო ჯამზე და არა ცალკეული პროდუქტების ფასებზე. ეს ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი პროდუქტების ფასების ცვლილება, მაგალითად, პროდუქტის ფასი, რომელიც მთავრდება 9 თეთრზე დარჩება ანალოგიურად, ხოლო რამდენიმე 9-ზე დამთავრებული ფასის მქონე პროდუქტის ყიდვისას მათი საერთო ჯამი დამრგვალდება უახლოეს 0 ან 5 ერთეულამდე (მაგ., 3 X 1.99 = 5.97 დამრგვალების შემდეგ კი გადასახდელი თანხა იქნება 5.95), რაც ნიშნავს, რომ ფასები ცალკეულ პროდუქტებსა და სერვისებზე უცვლელად შენარჩუნდება. ამასთანავე, დამრგვალების მეთოდი გავრცელდება ერთეული პროდუქტის შეძენის შემთხვევაშიც. დამრგვალება არ შეეხება უნაღდო ანგარიშსწორებას.

რომან გოცირიძე:

– ბატონო რომან, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრს მინდა გკითხოთ, მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს. რატომ დადგა საერთოდ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის აუცილებლობა. ვის სჭირდება ეს? აშკარაა, რომ მომხმარებელს – არა.   

– თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდა, ეს იქნება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. თუ ვინმეს უნდა საქონლის ფასის დამრგვალება, ამას ნებაყოფლობით აკეთებს. ბევრ შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია, როცა ფასი ვალუტის კურსზეა მიბმული და ყოველდღიური კორექტირება ხდება. იძულებითი დამრგვალების წესი ეწინააღმდეგება როგორც საბაზრო ბუნებას, ასევე ჯანსაღ ლოგიკას. სინამდვილეში ეს არის მიმოქცევიდან ორი ყველაზე დაბალი ნომინალის ლითონის ფულის ამოღება. ამას რაიმე სერიოზული დასაბუთება ხარჯების ეკონომიის კუთხით არ აქვს. საქართველოზე გაცილებით დაბალი ფულის მასშტაბის მქონე ქვეყნებში შენარჩუნებულია მსგავსი ხურდა ფული, რეალურად ერთ თეთრზე უფრო მცირე ნომინალით. ეს არის, უბრალოდ, ფასების მასშტაბის დამახინჯება, უპატივცემულობა ფულის ნიშნის მიმართ. ეს ფული კულტურის ნაწილიცაა, ისტორიაა. დაუშვებელია ქაღალდის ერთ და ორლარიანის გაუქმებაც. ის უნდა იყოს მცირე ოდენობით მიმოქცევაში, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ელემენტი. რატომ უნდა გაქრეს ფიროსმანი და ფალიაშვილი ყოველდღიური მეხსიერებიდან. სამწუხაროა, რომ ეროვნულ ბანკში ტექნოკრატიული და ბიუროკრატიული განწყობილებები გაჩნდა. მეტი რეგულირება, შეზღუდვები, ნებართვები, წვრილმანზე გამოდევნება ახალი ხელმძღვანელობის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მაშინ გადაიქცა იმად, რასაც ახლა ვხედავთ, როცა მათი ლიცენზირება გაუქმდა და მინიმალური მოთხოვნები დაუწესდა. ახლა ისევ უკან უბრუნდებიან ძველ ტრადიციას. ერთთეთრიანის ამბავი თითქოს წვრილმანია, მაგრამ ზოგადი სულისკვეთების ჩარჩოში ზის. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყოს ამ სახის ხურდის გამოყენებას, მაგალითად, ქველმოქმედებაში, როცა სალაროსთან ყუთები დგას ან სხვა ფორმით, ვაუქმებთ საერთოდ. ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის არჩევის შესაძლებლობა, დაუტოვოს ფული მოლარეს, ჩაყაროს საქველმოქმედო ყუთში თუ გადაყაროს. ხარჯებზე აპელირება არასერიოზულია. მასზე წლიური ხარჯი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ეროვნული ბანკის საბჭოს თანამდებობიანი წევრის წლიური ხელფასი. ათას სხვა რამეზე შეიძლება ეკონომია, რაღა ხურდა ფულზე მოინდომეს. 25 წელია ამას პრობლემა არ შეუქმნია და რაღა ახლა იქცა ზოგადსახელმწიფოებრივ პრობლემად, გაუგებარია.

– რა ხდება სხვა ქვეყნებში ამ მხრივ? 

– ეს ხალხი ტყუილად დადის ევროპასა და ამერიკაში, მგონი, ან ერთცენტიანები არ უნახავთ ევროსა თუ დოლარში? იქ არაა ხარჯიანი ხურდა ფულის დამზადება? ხელოვნურად გადაჰყავთ 5-ობით თვლაზე ფასები. ნაცვლად იმისა, რომ ლარს მიხედონ, ჩხირკედელაობენ. აგერ რევოლუცია მოხდა სომხეთში და ძვრა ვერ უყო მათ ეროვნულ ვალუტას. მთელი წელია, სტაბილურია. აქ ხან აცივების უნდა გეშინოდეს და ხან ბიუჯეტის. რა ხურდაობა აუტყდათ?!

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები