დავით მელუამ პირველ ყოველწლიურ ფორუმში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი პირველ ყოველწლიურ ფორუმს ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი’’ დაესწრნენ.
ახალციხეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით მოეწყო, დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
,,ათეა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მიმართულებებს გაუსვა ხაზი, რომელიც აღნიშნული რეფორმის ევროპულ მოდელზე გადასვლას გულისხმობს.
,, მნიშვნელოვანია რომ ეს დისკუსია დაიწყო ახალციხეში და გაგრძელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წარსულის შეფასების გარდა დავსახოთ გეგმები თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში.
სუმბოლურია ამ ფორუმის წელს დაფუძნება, ვინაიდან 20 წლის წინ, 1998 წლის 15 ნოემბერს, გაეროს მიერ აღიარებულ ახალ სახელმწიფოში-საქართველოში ჩატარდა თვითმმართველობის პირველი არჩევნები, მას შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა და დროა გავაანალიზოთ გავლილი გზა, დავსახოთ მომავლის ორიენტირები.
ოც წლიანი პროცესის შედეგი სახეზეა – დღევანდელი მოხსენებებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს თვითმმართველობა, რომელიც ეფექტიანია კონკრეტულ ამოცანებთან მიმართებაში, მაგრამ აუცილებელია გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები რათა უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ადმინისტრაციულ სისტემას და ადგილობრივი თვითმმართველობა გახდეს ტერიტორიული მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ინიციატივები რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიასთან მიმართებაში. საკონსულტაციო ფორუმის ფორმატის არსებობა ხელს შეუწყობს ამ სტრატეგიის თემატურ შევსებას და მის მორგებას ადგილობრივ საჭიროებებზე “, – განაცხადა დავით მელუამ.
,,ათეა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, ,,ათეა“ მზად არის აქტიურად ჩაერთოს ახლადშექმნილ ფორმატში
და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვის.
დღესვე, დამსწრე საზოგადოებას ფორუმის მონაწილე მერებმაც მიმართეს, რომლებმაც თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
ორდღიანი ფორუმი 5 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ- ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ გახსნეს.
ფორუმის მონაწილეებმა რეგიონულ უთანაბრობაზე, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, ინსტიტუციურ დიალოგზე, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირებასა და გაძლიერებაზე ისაუბრეს.
საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტების მერები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები