ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა

დღეს დილით, სამშობლოში კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური – სოსლან კაკაბაძე დაბრუნდა, რომელიც 2015 წლიდან ლიბიაში იყო დაკავებული.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურს ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ. სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში ჩართულობისა და გატარებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურის დაკავებიდან, 2015 წლიდან ამ დრომდე, ლიბიაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო, სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური სამუშაო ჩაატარა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, გამოიყენა რა ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმები, უცხოელი პარტნიორების და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო”, – აცხადებენ უწყებაში.
როგორც სოსლან კაკაბაძის დახვედრის დროს ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების პროცესი იყო რთული, თუმცა კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღება. მისივე თქმით, მაისის მეორე ნახევრში ლიბიაში მყოფი დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები