,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმაზე იმსჯელეს

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველმა ყოველწლიურმა ფორუმმა გახსნითი ნაწილის შემდეგ, დისკუსიის ფორმატში განაგრძო მუშაობა. როგორც „კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს.
მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონული უთანაბრობა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში, რაზეც რეგიონების მახასიათებლების სტატისტიკური მაჩვენებლებიც ცხადად მეტყველებს და ამ მიმართულებით, მოსახლეობის რაოდენობა, რიცხოვნობა, ურბანიზაციის ხარისხი, სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა რეგიონში.
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები ფორუმის მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ გააცნო. რეგიონულ უთანაბრობაზე, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობის შესახებ ხედვა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა წარუდგინა. გია ჟორჟოლიანმა მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური დონის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რეგიონული განვითარების პრობლემები არ გადაწყდება.
„ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური დონის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რეგიონული განვითარების პრობლემები არ გადაწყდება და აქ ლომის წილი ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის დონეს მიეკუთვნება. დეცენტრალიზაცია რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეროვნული პოლიტიკა ამას ხელს არ უწყობს, დეცენტრალიზაცია ამ პრობლემას არ გადაწყვეტს,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მისივე განცხადებით, რეგიონული უთანაბრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მდგენელი იმ პრობლემებისა, რასაც უთანასწორობა ქმნის. საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უთანაბრობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია და ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და დასაქმების სტრუქტურით არის განპირობებული. მომხსენებელმა რეგიონული უთანაბრობის მიმართულებით არსებულ ევროპულ პოლიტიკასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის ევროპის საერთო პოლიტიკა რეგიონული უთანაბრობის წინაღმდეგ.
„დღეს პრემიერმა ახსენა და მეც მინდა ვთქვა: დღეს არის ევროპის დღე და ხშირად მედია და საზოგადოებრივი დისკურსი არასწორად წარმოგვიდგენს იმ სურათს, რომელიც ევროპაშია. ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის ევროპის საერთო პოლიტიკა რეგიონული უთანაბრობის წინაღმდეგ. სწორედ ამაზე მიდის ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ერთი მესამედი. ეს არის ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანს შეეძლოს ღირსეულად ცხოვრება“,- განაცხად გია ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანმა უთანაბრობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასაქმების პრობლემა დაასახელა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გუბერნატორების ოფისები რეგიონების განვითარების ცენტრებად გადაიქცევიან და მათი მთავარი ფუნქცია რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა, გეგმების შედგენა, მათი რეალიზება და მონიტორინგი იქნება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ღია ვართ და ველოდებით თქვენს ინიციატივებს. ინიციატივები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისგან უნდა მოდიოდეს და იქედან უნდა იმართებოდეს ყველა ქმედება და ყველა ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. დეცენტრალიზაცია ყველა დონეზე გაცხადებული და მხარდაჭერილია. საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. დაგეგმილია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მასში როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული“,- განაცხადა მზია გიორგობიანმა.
ინსტიტუციური დიალოგისა და მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს შეეხო თავის გამოსვლაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
„თვითმმართველობა ეს არის საფუძველი, რაზეც შენდება სახელმწიფო. მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ძალიან მონდომებულია, რომ თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პოლიტიკა წამყვან თემად იქცეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ საქმეში ხელი შევუწყოთ კომიტეტს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ყურადღება ინტერმუნიციპალური კავშირების ეფექტურობაზე და ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე გაამახვილა.
„ინტერმუნიციპალური კავშირები მიზნად ისახავს უფლებამოსილებათა ეფექტიან განხორციელებას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. იმავე მიზნებით კავშირების დამყარების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების კავშირი. სიმბოლურია, რომ დღეს ევროპის დღეა. უფლებამოსილებათა კლასიკური განხორციელების მაგალითია ევროზონა, რამაც ხალხებს შორის ვაჭრობა, შრომა და საქმიანობა ადვილად ადმინისტირებადი გახადა, ისევე, როგორც სურსათის უვნებლობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და ბევრ სხვა სფეროებში უნიფიცირებულმა ევროსტანდარტების შემოღებამ მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების დონე ჩამოაყალიბა“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მან მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, კონკრეტულ მაგალითებზე გაამახვილა ყურადღება. ფორუმში მონაწილე მერებმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. სამომავლო ფორუმის ერთ-ერთ თემად მოქალაქეთა ჩართულობა და მათ მიერ პრიორიტეტების დასახვა დასახელდა.
„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision.
ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები