თეა წულუკიანმა ლანჩხუთში 52-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 52-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ლანჩხუთში გახსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს. გამოფენას 2018 წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლანჩხუთელებსა და მის სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი.

თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი  ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის მე-4 სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართობი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის  კი, სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. საზოგადოებრივ ცენტრში  ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა” და „ლიბერთი ბანკის” მომსახურებაც,  რაც პენსიონერებს − პენსიის დაბიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი  ლანჩხუთსა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 32.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით; 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,  სტუმრებიც ისარგებლებენ.

52-ე  საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლანჩხუთის სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა.  მიმდებარე ტერიტორია ჰელიუმის ბუშტებით მოირთო,  ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.

ლანჩხუთის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 51 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში,  შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში,  რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში,  კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურსა და ჯგალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები