გიორგი ზოიძე: 2018 წელს ისრაელიდან საქართველოს 199 მოქალაქე დაადეპორტეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლისა და გადაადგილების პროცესში არსებულ პრობლემებს ეხმაურება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამასთან ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პრობლემის მნიშნელობაზე, რისი მოუგვარებლობის შემთხვევაშიც მიმდინარე პროცესებმა  შესაძლოა დღის წესრიგში  ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის დაბრუნების საკითხი დააყენოს.

ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, გიორგი ზოიძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ორგანიზაციამ ბოლო თვეების განმავლობაში,  საქართველოს არაერთი მოქალაქის მომართვა შეისწავლა, რომელიც ეხება ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. ცალსახად უნდა აღნიშნოს, რომ შემაშფოთებელია ისრაელის სახელმწიფოს მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის სისტემური ფაქტები, მათ შორის მოქალაქეთა უსაფუძვლო დაკავება და სიცოცხლისთვის საშიშ საკნებში, გაუსაძლის პირობებში მოთავსება, თარჯიმნის ყოლის უფლების შეზღუდვა, საკვებისა და წყლის მიღების აკრძალვა, ტელეფონით სარგებლობის უფლების აკრძალა და სხვა. მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, აგრეთვე მიუთითებენ მესაზღვეების მხრიდან სიტყვიერ და მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე“,- განაცხადა გიორგი ზოიძემ.

ორგანიზაციის შეფასებით, დასახელებული ფაქტები ცალსახად არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებების დაცვის მიზნიდან და მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ქმედით რეაგირებას.

„დასახელებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრის პირდაპირი ვალდებულება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკისრია, რომელიც უფლებამოისლია სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის აქტიური საინფორმაციო კამპანიებით, გარკვეული შეზღუდვებით თუ ისრაელის სახელმწიფოსთან პირდაპირი დიალოგის წარმოებით, იმუშაოს საკითხის დროულ აღმოფხვრაზე, რათა შეწყდეს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევა და მათ შეძლონ მოპოვებული დიპლომატიური სიკეთით – უვიზოდ მიმოსვლით სრულფასოვანი სარგებლობა. განსაკუთრებით საგულისმოა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში, ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებულ მოქალაქეთა საკითხი, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც, აგრეთვე უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე. მნიშვნელოვანია, საგარეო უწყებამ, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე, დანერგოს ისეთი ქმედითი მექანიზმი, რაც ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს ისრაელის საზღვრიდან უკანონოდ გამობრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობას და ამ პროცესში, ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას ყველა იმ საკითხზე, რამაც შესაძლოა საზღვრის კვეთისას ან ქვეყანაში ცხოვრების პერიოდში მათ პრობლემა შეუქმნას“,- აღნიშნა გიორგი ზოიძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც მოიპოვა.

„მათ შორის, შესწავლის საგანს წარმოადგენდა ინფორმაცია, თუ 2014 წლის 13 მარტიდან ეს ის თარიღია, როდესაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს რამდენი მოქალაქე გაემგზავრა ისრაელში, რამდენი მათგანი შევიდა ქვეყანაში, რამდენს ეთქვა უარი და რამდენი მათგანი იქნა დეპორტირებული ქვეყნის ტერიტორიიდან. შესწავლილი მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2014-2018 წლების მითითებულ პერიოდში, საერთო ჯამში, ისრაელის სახელმწიფოში საქრთველოს 65 076 მოქალაქე გაემგზავრა. აქედან, ისრაელის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეძლო 55 525-მა პირმა, ხოლო 9 552 პირს საზღვარზე ქვეყანაში შესვლაზე ეთქვა უარი. აღსანიშნავია, რომ როგორც ისრაელში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, აგრეთვე უარი თქმის სტატისტიკა, ბოლო პერიოდისთვის საკმაოდ  მზარდია.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, წლების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის პროცესის სტატისტიკა შემდეგნაირია:

ორგანიზაცია დამატებით აქცენტს აკეთებს ისრაელის სახელმწიფოდან დეპორტირებულთა რაოდენობაზე, რაც აგრეთვე  მზარდია. 2014 წელს ისრაელიდან დეპორტორებული იქნა საქართველოს 241  მოქალაქე, 2015 წელს – 496, 2016 წელს – 304, 2017 წელს 589, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით, მხოლოდ სამი თვის მონაცემებით, ისრაელიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 199 მოქალაქე.

„დეპორტაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ისრაელის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის წესების დარღვევა, რაც პირდაპირ დეპორტს ითვალისწინებს. აღსანიშნავია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც რომლებიც საზღვრიდან უკან გამობრუნების, თუ დეპორტაციის შემდგომ მათი დარღვეული უფლების აღდგენაზე დახმარების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  საერთო ჯამში, 2014 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, სამინისტროს ამ მიზეზით, 344-მა პირმა მიმართა,  მათზე რეაგირება და ეფექტური გამოხმაურების საკითხი, ორგანიზაციისთვის უცნობია. თუმცა აქვე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ  ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, იმის გათვალისწიებით, რომ  2014-2018 წლებში საერთო ჯამში 9 552 პირს ეთქვა უარი ისრაელში შესვლაზე, ხოლო 1 829 პირი იქნა დეპორტირებული სხვადასხვა მიზეზით ისრაელის ტერიტორიიდან და რეალურად  მხოლოდ 344-მა პირმა მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხის შესწავლისა და დახმარების თხოვნის მიზნით,  ამ შემთხვევაში ან ინფორმაციის ნაკლებობაა მოსახლეობაში ან მოქალაქეები სახელმწიფო უწყებას არ ენდობიან ან იმედი არ აქვთ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესწევს დასახელებული პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, ამასთან მას აქვს ამის ვალდებულება,  შესაბამისად წარმოდგენილი მასალის შესწავლისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით,  „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგარეო უწყებას რეკომენდაციებს სთავაზობს:

პირველი რიგში აუცილებელია:

  1. ისრაელის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ისრაელის საელჩოსთან და შესაბამის უწყებებთან აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია/დიალოგი;

უმნიშვნელოვანესია:

  1. საქართველოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, აუცილებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ადმინისტრაციასთან და ქვეყანაში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან ერთად, აქტიური საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა;

და თუ გვსურს ისრაელის სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობა – ამ შემთხვევაში

  1. იმ პირთა მიმართ, ვინც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, მიმოსვლის დადგენილ წესებს დაარღვევს სანქციები უნდა იქნას შემუშავებული, არსებობის შემთხვევაში კი უნდა გამკაცრდეს“,- განაცხადა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გიორგი ზოიძემ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დაჩქარებული წესით არ გადადგამს კონსტრუქციულ და ქმედით ნაბიჯებს, არ განახორციელებს სწორ პოლიტიკას და არ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სრულყოფილად დაცვას, შესაძლებელია, ძალიან მალე დღის წესრიგში დადგეს საქართველო-ისრაელს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხი და პრობლემამ სავიზო რეჟიმის დაბრუნება გამოიწვიოს.

ორგანიზაცია აქვე გამოთქვამს მზაობას, საგარეო უწყებასთან და შესაბამის დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად იმუშაოს დასახელებული პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით და ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეთა მშვიდ და თავისუფალ გადადაადგილებას ისრაელის მიმართულებით“,- განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების იურისტმა გიორგი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები