“გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.
“სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში”, – განაცხადა შს მინისტრმა.
რაც შეეხება ვებ გვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებგვერდი დაბლოკვების მიუხედავად მაინც არსებობს.
“ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი.
ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები