შვეიცარიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

შვეიცარიის ქალაქ ნოიშატელში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელმაც ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და შვეიცარიელ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა 100 წლის იუბილის აღნიშვნის გაზიარებისათვის.
საღამოზე სიტყვით ასევე წარსდგა კანტონ ნოიშატელის იუსტიციის, უსაფრთხოებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალენ ღიბო, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კმაყოფილება გამოხატა აღნიშნული ღონისძიების ნოიშატელში ჩატარებასთან დაკავშირებით.
„კონცერტს შვეიცარიელი მაესტრო, ნიკოლას ფარინე დირიჟორობდა. სოლო პარტია კი ცნობილმა შვეიცარიელმა მევიოლინემ, ალექსანდრ დუბახმა შეასრულა. საღამოს ნოიშატელის დელეგატი კულტურის საკითხებში პატრის ნოეშვანდერი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
კონცერტის დასასრულს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი ინსტრუმენტების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტები შვეიცარელმა ოსტატმა კლოდ ლებემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაამზადა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც პირველი რესპუბლიკის შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს ასახავდა. გამოფენის სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალას პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევების შესახებ დამოუკიდებელ საქართველოში. გამოფენის ფარგლებში საელჩოს ორგანიზებით მიღება მოეწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები