ცესკო: ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა

ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში დარეგისტრირდა 5 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა საჩივარი შეეხება პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს.
„მაგალითისათვის 2 საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის #3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა.
ერთი საჩივარი დაწერილია ვანის #20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის რეგისტრატორი წევრის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მას გამორჩა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები