საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონულ შეხვედრაში 22 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრის მიზანს მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული მიდგომების განხილვა და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ღონისძიებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკულ მექანიზმებს აცნობენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილება საფრთხეების შეფასების, რეაგირების გეგმებისა და პროცედურების, მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების, მონიტორინგისა და საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხები.
რეგიონული შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებასა და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონული შეხვედრები რეგულარულად იმართება და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. შეხვედრების ჩატარების ადგილი შერჩეულია მონაწილე ქვეყნების შეთანხმებისა და სააგენტოს პრიორიტეტების შესაბამისად, რაც სხვადასხვა სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, მასპინძლობა გაუწიოს ღონისძიებას. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს პროფესიული ცოდნის, ტექნიკური გამოცდილებისა და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.