„როცა რაიმე პორტრეტს ვხატავ, ქვეცნობიერად ჩემს დას ემსგავსება“… – რუსუდან კაციტაძის ბუმბულებით შექმნილი კომპოზიციები  

ხატვაც და წერაც მისთვის ჰობზე გაცილებით მეტია… სამყაროს სილამაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან რაჭის ულამაზეს გარემოში შეიგრძნო, დედისგან დაჰყვა… მერე ერთ მშვენიერ დღეს თავადაც შექმნა ბუმბულებისგან ყვავილების და მზის ფორმის ნახატი… და დღემდე ამ საქმიანობაში ჰპოვებს შვებას…
1000-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია. პროფესიით ფიზიკოსს შემოქმედებისთვის დიდი ფანტაზია და ულევი შინაგანი სამყარო აქვს.  ხატავს, წერს ლექსებს, ჩანახატებს… „ჩემი მოკრძალებული შემოქმედება მეხმარება და ძალასაც მაძლევს, რომ ყოფითობას გავუმკლავდე“.  – რუსუდან კაციტაძის პერსონა.

 – რაჭაში გავიზარდე, ულამაზეს გარემოში და უთბილეს ოჯახში, მშობლები სპეციალობით ეკონომისტები იყვნენ. დედას საოცარი ხელი   და მდიდარი შინაგანი სამყარო ჰქონდა.  იმის მიუხედავად, რომ სოფელში საქმე და საშრომი ბევრია, დედა მაინც ახერხებდა, ჩვენთვის ბავშვობა გაეფერადებინა, ქსოვდა, კერავდა, ქარგავდა, ვაზის ლერწებისგან ლამაზ შანდლებს აკეთებდა, სიმინდის ფუჩეჩისგან ულამაზეს ნივთებს წნავდა, ეზოში ყვავილებს თხილის წნელებისგან პატარა ღობეებს შემოაწნავდა ხოლმე, მუყაოსგან და სელის ძაფისგან ლარნაკებს აკეთებდა, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან… სილამაზის აღქმა დედისგან გვერგო გენეტიკით, ჩემს უფროს დებს ყვავილების მოვლა და გამრავლება უყვარდათ (მოგვიანებით საკუთარ ეზოში ულამაზესი ყვავილნარი ჰქონდა ჩემს დას), მე ყვავილების ფურცლებს და ფოთლებს ვახმობდი და ლამაზ კომპოზიციებს ვაკეთებდი…
– ხატვის სიყვარული?
– რომ გითხრათ, გამორჩეული ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ, ხატვით ვერთობოდი, ისე როგორც ყველა ბავშვი.
– პროფესიით ფიზიკოსი ხართ. როდის იგრძენით, რომ ხატვას (ბუმბულებით ხატვას) დაუკავშირებდით თქვენს ცხოვრებას?
– პროფესიით ფიზიკოსი ვარ, პედაგოგი. ჩემს ჰობს პროფესიასთან არაფერი აქვს საერთო. ერთ მშვენიერ დღეს ხელთ ჩამივარდა ჩიტის ლამაზი – შავი, ყვითლად დაზოლილი ბუმბულები. დამენანა გადასაყრელად, ვიფიქრე, რამე კომპოზიციას გავაკეთებ-მეთქი, ჰოდა, გავაკეთე კიდეც – შავ ბარხატზე დავალაგე, ყვავილის და მზის ფორმა მივეცი და „უეცარი გასხივოსნება“ დავარქვი. მერე ბუმბულების შეგროვება დავიწყე და აღმოვაჩინე,  რომ თავად ბუნება გვჩუქნის ულამაზეს ფერებს… სიმბოლური გამოდგა პირველი ნამუშევრის სახელი, ახლა, გულში მთელ ჩემს შემოქმედებას „უეცარ გასხივოსნებას“ ვეძახი.
– 1000-ზე მეტი ნამუშევარი შექმენით…
– ხატვაც და წერაც ჩემთვის ჰობზე გაცილებით მეტია, კი იცით, როგორია ქართული რეალობა, ცხოვრება ყოფითია, ზედმეტად ყოფითიც კი, ჩემი მოკრძალებული შემოქმედება საკუთარი თავის თვითრეალიზაციაშიც მეხმარება და ძალასაც მაძლევს, ყოფითობას გავუმკლავდე.
დის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დაგიტოვათ… ეს ნამუშევრებზეც აისახა..
– ჩემი ნახატების უმრავლესობა ჩემივე ისტორიის ფრაგმენტებს ინახავს, მახსოვს, ჩემი უფროსი შვილი სტუდენტი იყო მაშინ, „კავეენის” გუნდში თამაშობდა და ბათუმში მიდიოდნენ კარგა ხნით, მე შეუძლოდ ვიყავი და დარდი რომ არ გაჰყოლოდა, დავპირდი, კარგადაც ვიქნები და სანამ დაბრუნდები, ოპტიმისტურ ნახატსაც დაგახვედრებ- მეთქი, მაშინ დავხატე ჩემი „ბედნიერების ლურჯი ფრინველი”…
ჩემი და რომ გარდაიცვალა, აღარც წერა მინდოდა და აღარც ხატვა… კარგა ხნის შემდეგ  მისი ფოტო დავიდე წინ და  ბუმბულებით დავხატე, ნახატი მასავით მშვენიერი ვერ გამოვიდა (თუმცა თვალები მისი ზუსტი ასლია), მაინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მას შემდეგ, როცა პორტრეტს ვხატავ, თავისთავად ჩემს დას ემსგავსება, ქვეცნობიერად ხდება ასე…
როგორ მოდის ფანტაზია?
– ტექნიკას გამოცდილება ხვეწავს, აი, ფანტაზიის ნაკლებობას კი არ ვუჩივი… ბავშვობიდან ზედოზირებული ვარ… რეალური სამყაროს გარდა ყოველთვის ჩემი „პარალელური სამყარო“ მქონდა, არარეალური სამყარო, ოცნებებით და ფანტაზიით აფერადებული, მეშინია კიდეც, რომ ვერ მოვასწრო ეს სამყარო ფურცლებზე გადავიტანო და ნახატებზე დავიტანო… მთავარია დრო გამოვნახო, თორემ განწყობა სულ თან მდევს…
ლექსებს, ნოველებს და ჩანახატებს წერთ… „წითელი პატეფონი, ბებოს ნამზითვი კარადა და ვალმოხდილი ჩემოდანი... ბავშვობის სურათებს ლამაზად გადმოსცემს… როგორ უთავსებთ ერთმანეთს წერას და ხატვას?
– ხატვა რომ დავიწყე, 35-ს ვიყავი გადაცილებული, წერით კი ბავშვობიდან ვწერ, ანა ფრანკივით ყოველ საღამოს ფურცლებს ვუყვებოდი იმ დღით განცდილსა და აღქმულს, მაშინ დღიურის ფორმა ჰქონდა ნაწერს, სტუდენტობისას ჩანახატების სახე მიიღო, მოგვიანებით კი მონოლოგებისა და პატარა ნოველების… როცა ბავშვობის სახლს ვსტუმრობ, ძველ ნაწერებს გადავიკითხავ ხოლმე და ის დღეები მიცოცხლდებიან… ერთი წელი იქნება ალბათ, ჩემს მეგობარს მივუძღვენი ლექსი და ამ ლექსით ვესტუმრე ქართული პოეზიის სახლს, ისე მოვიხიბლე, უკან ვეღარ წამოვედი, ასე რომ, ახლა ლექსებიც შემომეწერება ხოლმე… არ ვწერ ხშირად, ვთვლი, რომ თუ სათქმელმა სული არ გამოიარა, ისე სხვის სულსაც ვერ შეეხება, ნაწვალებ სტრიქონებს ეტყობა ხოლმე…
– გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე… რომელიმე თუ მისდევს  ამ ხელოვნებას?
მეუღლე  და ორი ვაჟი მყავს, უფროსი სპეციალობით იურისტია, უმცროსი – ეკონომისტი. უყვართ დედის ნახატებიც და ნაწერიც. უმცროსი ცეკვავდა ანსამბლში ბავშვობისას, უფროსს პოეზია უყვარს და არტისტია ბუნებით, ვოცნებობ, ოდესმე სცენაზე შეძლოს ნიჭის რეალიზება. ყოფილა შემთხვევა და არაერთი, ღამე გამითენებია ჩემი ჰობის გადამკიდეს, საყვედურის ნაცვლად, ასეთ დროს სამივე აქეთ მემსახურება ხოლმე და ამისთვის მადლობა მათ…
ფესტივალ არტგენის გამოფენაგაყიდვაში ხშირად მონაწილეობთ…
– არტგენის ფესტივალზე  8 წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი, ვყიდდი კიდეც ნახატებს, უმრავლესობა უცხოელებმა შეიძინეს, ჩემი ნამუშევრები შვეიცარიაში, ინგლისში, ამერიკაში, გერმანიაში, თურქეთში, საფრანგეთში არის. რამდენიმე წელია აღარ ვმონაწილეობ.
–  პერსონალური გამოფენა არ გქონიათ….
– რაც შეეხება გამოფენას და საკუთარ წიგნს, ამ საკითხში გვარიანად მოვიკოჭლებ… სულ ვაანონსებ და საშველი ვერ დავაყენე, დაუდევარი ვარ საკუთარი თავის მიმართ, თან მაქსიმალისტი ვარ ბუნებით, თავს არც მწერლად ვთვლი, არც პოეტად და არც მხატვრად, მოვა დრო ალბათ და ჩავთვლი, რომ ღირს საკუთარი ნახატებით გაფორმებული წიგნის გამოცემა…
– ერთი ლექსი…

***

ბეღურებს ვერ ათბობს ალუბალი,
რა ქნას, აბრეშუმი არ აცვია,
იანვრის სუსხია, ბაღის ბოლოს
ტირის შემცივნული აკაცია,
ყინვის ნამსხვრევებით ავსებულა
(ასე რა ჯანდაბამ გააცია),
ვებრძვი, ვერ ვერევი, უღვთოდ მტანჯავს,
სულის უჩვეულო სტაგნაცია.
უცხო გზას გაუყვა საფიქრეთის
ჩვეულმა „მე“-მ ზურგი შემაქცია,
არც თეთრი მახარებს საფიფქეთი,
აღარც ტკივილზე მაქვს რეაქცია…
ახლა უაზროა ყოველგვარი
რჩევა, შეგონება, სენტენცია,
მგონი ვეგუები გულგრილობას,
ჩემში სურვილების კრემაციას…
სულო, სულ ცოტაც და დასრულდება
ფერთა-ნაცრისფერთა გრადაცია,
მოვა გაზაფხული, მოგვიფონებს,
ყველა სატკივარის პანაცეა,
მწვანით ამოავსებს ყინულეთში
თუ, რამ ნაღარი და ნაკეცია,
თეთრი ნეილონით მოირთვება
ჩემი პატარძალა აკაცია…

 

  თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები