“საქართველოს სკრინინგის ფუფუნება  აქვს, მოგიწოდებთ: ჩაიტარეთ ძუძუს კიბოს დროული სკრინინგი,  დაავადების დამარცხება 100%-ით შესაძლებელია” – ბელა ბერიშვილი

“რადგანაც  საქართველოს სკრინინგის ფუფუნება აქვს, ისევ და ისევ მოგიწოდებთ: ჩაიტარეთ ძუძუს კიბოს დროული გამოკვლევები, დაავადების დამარცხება 100%-ით შესაძლებელია” – ამის შესახებ  ონკოპაციენტთა ორგანიზაციაევროპა დონასაქართველოსსაბჭოს წევრმა, ბელა ბერიშვილმა მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერიშვილმა ძუძუს კიბოს  შესახებ  ცნობადობის ამაღლების ერთთვიანი კამპანიაც შეაფასა.  როგორც ცნობილია, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და„ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.

ბელა ბერიშვილის თქმით,  სკრინინგი დაავადებული პაციენტის გამოკვლევას არ ნიშნავს, ესაა ჯანმრთელი ადამიანის გამოკვლევა, რომელიც მიზნად პრევენციას ისახავს.

როგორც მან განაცხადა, ადრეულ სტადიაში  დასმულ დიაგნოზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  –  პაციენტის გამოჯანმრთელების შანსი 100%-ით არსებობს.

“მინდა, სკრინინგის პრობლემას შევეხო: პრობლემა სკრინინგს არ აქვს, პრობლემა აქვს მოსახლეობას, რომელიც სკრინინგს არ აკითხავს. ჩვენი ყოველწლიური მოწოდებაა: ჩაიტარეთ სკრინინგი.  40-დან 70 წლამდე ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს  სკრინინგი უფასოა.  საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კი  25 წლიდანაა უფასო. სკრინინგი დაავადებული პაციენტის გამოკვლევას არ ნიშნავს, ეს არის ჯანმრთელი ადამიანის გამოკვლევა, რომელიც მიზნად პრევენციას ისახავს, ანუ დაავადება რომ გამოირიცხოს და ადამიანის ჯანმრთელობა სკრინინგული გამოკვლევით დადასტურდეს.  აქ საშიში არაფერია, ძალიან მოკლე პროცედურაა. სკრინინგზე მიმართვიანობა    დაახლოებით 30%-მდეა, ნახევარმა მაინც რომ მიმართოს, ანუ  50%-მა,   სამწუხაროდ ასე არაა. ადრეულ სტადიაში  დასმულ დიაგნოზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თამამად შემიძლია, ვთქვა: გამოჯანმრთელების შანსი 100%-ითაა, მარტივი განკურნებაცაა, ნაკლები  ფინანსური დანახარჯი, ნაკლები  წვალება და  ტკივილი.  ამიტომაა მნიშვნელოვანი დროული  ყოველწლიური სკრინინგი. კარგი იქნება, რომ  ასაკი შემცირდეს, ვთქვათ, გამოკვლევები [უფასოდ] 30 წლიდან რომ დაიწყოს.

ეს დაავადებაც ძალიან გაახალგაზრდავდა,  სამწუხაროდ,  ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შემთხვევაა. მკერდის კიბო უსიმპტომო არ არის,  რაღაცა სიმპტომი მაინცაა, ელემენტარულად,  პატარა სიმაგრეს ყველა იგრძნობს,  თვითგასინჯვაც   არსებობს. ნებისმიერ ქალბატონს თვითონ შეუძლია, აღმოაჩინოს და ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. პატარა რაღაც მინიშნებითაც კი თუ მიაკითხავენ ეხო – მამამოგრაფიას, ამით შეიძლება, აღმოჩნდეს  დაავადება  თუ არის.  ასევე,   სიმაგრე ან რაღაცა სიმპტომი შეიძლება, იყოს, მაგრამ ეს ამ დაავადებას არ უკავშირდებოდეს.   არ უნდა გადავწყვიტოთ,  რომ ყველა შემთხვევაში ეს არის. თუ   გენეტიკური განწყობაა, ადამიანი 40 წლის ასაკს არ უნდა დაელოდოს. გენეტიკაში, ძირითადად,  დედის ხაზია: თუ  დედას ჰქონდა, ბებიას ჰქონდა, დეიდას ჰქონდა –  ადამიანს,  შეუძლია, გამოკვლევა  25 წლიდან დაიწყოს, მამოგრაფია წელიწადში ერთხელ გაიკეთოს.   ეს   ძალიან დიდი პრევენციაა. ჩვენს ქვეყანაში ამის თავიდან აცილება და დროული აღმოჩენა შესაძლებელია. მე ორი წლის წინ მილანში ვიყავი,  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ტრენინგები გვქონდა, იქ იყვნენ პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ექიმები და პაციენტები, მათ სკრინინგის შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდათ. მითხრეს,  საქართველო,   ქართველები რამდენად წინ წახვედით,   ჩვენ  ეს აპარატი   ქვეყანაში საერთოდ არ გაგვაჩნია, და მით უმეტეს,  უფასო    კვლევებისთვისო. ასე რომ, რადგანაც  ეს ფუფუნება   საქართველოს გააჩნია და  სკრინინგი აქვს,  ისევ და ისევ მოგიწოდებთ:    ჩაიტარეთ დროული გამოკვლევები,  დაავადების დამარცხება 100%-ით შესაძლებელია”, – განაცხადა ბერიშვილმა.

მანვე ორგანიზაციის ინიციატივების შესახებ ისაუბრა. როგორც ბერიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების მკურნალობის შემდგომი გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს.

“ვარდისფერი ოქტომბერი”  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ამ თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვის, ვინც ეს დაავადება გადაიტანა, რადგანაც ასეთ ადამიანებს ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ. მე-11 წელია  ორგანიზაცია “ევროპა დონა – საქართველოში”  ვართ, ყოველწლიურად “ვარდისფერი ოქტომბრის”  კამპანიაში ვაქტიურდებით.  ასევე, მთელი წლების  განმავლობაში ცნობიერების ამაღლებისათვის, პაციენტების საჭიროებებისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის  არაერთი აქტივობა გვაქვს. წინა წლებში,  ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის ხელმისაწვდომობა  არ იყო.   ჩვენი  ამ კამპანიის, აქტივობების ფარგლებში,  ეს ხმა იქ გაიგეს, სადაც საჭირო იყო და ამან ძალიან კარგი შედეგები გამოიღო, არაერთი ძვირადღირებული წამალი, ასევე მკურნალობა დაფინანსდა. მანამდე იყო ნახევრად დაფინანსება,  თანადაფინანსება,  ესეც, რა თქმა უნდა, უჭირდათ,  ახლა კი ონკოპაციენტების მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, ამით  ძალიან ბევრი ადამიანების უფლება იქნა დაცული. კიდევ მეტი საჭიროება, გამოწვევა რჩება.    ჩვენი ახლანდელი კამპანია შემდეგს ეხება:    მკურნალობის შემდგომი გამოკვლევების დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი როცა გამოჯანმრთელდება ,   უკვე კარგად არის და დაავადება რემისიაშია, მას შემდეგ შუალედური კვლევები სჭირდება, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.  ადამიანი  ამ ძვირ კვლევებს რომ ვეღარ იტარებს, თუ ორგანიზმში რეციდივი მოხდა, მერე უკვე ისევ დაგვიანებული  მიმართავს. შემდეგ მკურნალობა სახელმწიფოსაც ძვირი უჯდება.  პაციენტის ცხოვრების ხარისხიც უარესდება. ამიტომ,  საჭიროა,  რომ ამას ყურადღება მიექცეს,  თანდათანობით ასე ვთქვათ,  ამ  კვანძების გახსნა მოხდეს. ასევე ქალბატონებს , რომლებმაც ოპერაცია, ანუ რადიკალური მასტექტომია  ჩაიტარეს, ძალიან დიდი პრობლემა აქვთ, როგორც ანატომიური, ისე ფსიქოლოგიური. ჩვენი ინიციატივაა,  რომ რეკონსტრუქციის ოპერაცია დაფინანსდეს, რადგან ეს მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია არაა. ამ ქალბატონებისთვის  რადიკალური  მასტექტომია ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა.

ჩვენ მთელი ამ წლების მანძილზე არაერთი მიღწევა გვაქვს,  მადლობა ჩვენს სახელმწიფოს და მას, ვისაც   ჩვენი ესმის.  არაერთი ჩართულობაა საკრებულოს, მერიის, პარლამენტის,   ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ  ოქტომბერში კამპანია საკრებულოსთან “ფლეშმობით” დავიწყეთ,    “ვარდისფერი ჯაჭვი” მოვაწყვეთ,    რომელშიც პაციენტები, ექიმები, სტუდენტები გაერთიანდნენ . მრგვალი მაგიდის ფორმატში არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც საკრებულოს,  მერიის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შეხვედრებზე ეს საკითხები იყო განხილული, იმედი გვაქვს, რომ  მხოლოდ განხილვის დონეზე არ იქნება და  შედეგიც მიღწეული იქნება. ვფიქრობთ, რომ რადგან შედეგები   დგება ყველაფერი თანდათანობით კარგად იქნება, ეს    მიღწევადია”, – განაცხადა ბელა ბერიშვილმა.

ცნობისთვის,  “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ინფორმაციით,  სკრინინგის მიზანი  ჯანმრთელი, ასიმპტომური პოპულაციის გამოკვლევა და ცვლილებების ადრეული აღმოჩენაა,  სიმპტომების გამოვლენამდე.

“კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება  დაავადების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის რეგიონში ძუძუს კიბო ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. 2020 წელს, ევროპის რეგიონში ძუძუს  კიბო დაუდგინდა 576 337 ქალს, 157 111 კი ამ დაავადებით დაიღუპა.

საქართველოში ძუძუს კიბო  ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

2022 წელს საქართველოში ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1 936 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში რეგისტრირებული ყველა ახალი შემთხვევის 35.3%-ს შეადგენს. 2018 წელს დიაგნოსტირებულ ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელმა დაახლოებით 75% შეადგინა. 2022 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა 48% შეადგინა.

სკრინინგი ეფექტური საშუალებაა გამოვავლინოთ ძუძუს კიბო ადრეულ ეტაპზე, დაავადების პროგრესირებამდე, რაც მკურნალობის ეფექტურად წარმართვის და განკურნების საშუალებას იძლევა.

საქართველოში მოქმედებს „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები მიზნობრივ პოპულაციებში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგი უფასოა, კერძოდ:

ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 40-70 წლის ქალებში 2 წელიწადში ერთხელ, რაც მოიცავს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას და, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას; აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ კვლევას.

საშვილოსნოს ყელის სკრინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს:  PAP-ტესტის ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას; აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიურ კვლევას.

მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ტარდება 50-70 წლის ქალებსა და მამაკაცებში 2 წელიწადში ერთხელ, რაც მოიცავს: კოლორექტიული კიბოს სკრინგის პროგრამა მოიცავს: ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიას (გაუტკივარებისა გარეშე ან გაუტკივარებით) და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას; აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიურ კვლევას. კოლონოსკოპიის დროს შესაძლებელია პოლიპექტომიის ჩატარებაც;

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.

კიბოს სკრინინგის პროგრამებით სამიზნე მოსახლეობის მოცვის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის მარტიდან მოქმედებს ორგანიზებული სკრინინგი, რაც მოიცავს:  ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგის ჩატარების მიზნით ოჯახის/სოფლის ექიმების მიერ ბენეფიციარებთან  საინფორმაციო-საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებას, სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის შეთავაზებას, ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას. ორგანიზებულ სკრინინგში ამჟამად ჩართულია 87 დაწესებულება.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ასევე ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით, შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/“- წერია “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები