ლევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები, 2028 წლამდე არის სამი წელი, ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში

როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პოლიტიკით, გარედან მიღებული დაფინანსებით კონკურენციას უწევენ ისეთი ძალები, როგორიც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“.

„მაქვს ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან ურთიერთობა. ძალიან ჯანსაღ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, რომელთაც აინტერესებთ პოლიტიკური პროცესები და არიან ჩართულები ძალიან სიღრმისეულად. ისეთ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, რომლებისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრ თემებზე ვკამათობთ ხოლმე. როდესაც მე მათ კითხვას ვუსვამ, რატომ არ შემოდიან პოლიტიკაში და რატომ არ აძლევენ დანარჩენ ახალგაზრდებს მაგალითს, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახეები გამოჩნდნენ, ყველას პასუხი არის ანალოგიური, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში პოლიტიკაში შემოსვლას აზრი არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალები ფინანსებიდან უცხოეთიდან, ძალიან დიდი რესურსი აქვთ, აქვთ ტელევიზიების რესურსი და შესაბამისად, რანაირად გავუწევთ ჩვენ ამათ კონკურენციას?!

როდესაც ასეთი მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ასეთ ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში. რაც უფრო მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა გამოჩნდება, რომელიც გარედან არ იმართება და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები