სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მამაკაცმა თოფით მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტია ძველ ანაგაში მამაკაცმა სანადირო თოფით მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ტრაგედიის დეტალებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ასაჯაროებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 50 წლის თემურ ღვედაშვილია, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის 43 წლის ზურა ზურაშვილია დაკავებული.

დანაშაული მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, შეიარაღებული ზურაშვილი ღვედაშვილთან მივიდა, ისინი ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ, ადგილზე იყო ნათია კანდელაკიშვილიც. რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ 43 წლის მამაკაცმა გულ-მკერდის არეში ჯერ მეგობარს ესროლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი დაჭრა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს და მომხდარი პოლიციას შეატყობინეს. ზურაშვილი უკვე გაქცეული იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

რა მიზეზით გაიმეტა მეგობარმა მეგობარი მოსაკლავად – მოტივზე დღეს „კურიერთან“ დაკავებულის ოჯახის წევრმა ისაუბრა. ახლობლების ვერსიით, ზურაბ ზურაშვილს მოკლული მუდმივად ემუქრებოდა და მკვლელობის დღეს 43 წლის მამაკაცი მხოლოდ თავს იცავდა. ირკვევა ისიც, რომ თემურ ღვედაშვილი საპატიმროდან 3 დღის გამოსული იყო.

თემურ ღვედაშვილს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ის საკუთარ სახლში გადაასვენეს. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი კი ამ დრომდე კლინიკაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რა იყო დანაშაულის ოფიციალური მოტივი – ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურა ზურაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები