პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა

საქართველოს პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკოორდინაციო მექანიზმის პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში დღეს იმართება. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის მიზანი საქართველოს პროკურატურასა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა. მთავარი პროკურორის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დანაშაულის პრევენციას.

მულტისექტორული ჯგუფი ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით იმუშავებს. საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ  პირდაპირი კომუნიკაცია იქონიონ საქართველოს პროკურატურასთან, რაც მიმართული იქნება საერთო მიზნის – თითოეული დაზარალებულის ინტერესების დაცვაზე. ამასთან, პერიოდულად გაიმართება თემატური შეხვედრები, სადაც მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პრეზენტაციას 34-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პრეზენტაციის შემდგომ, მულტისექტორული ჯგუფის საქმიანობის ფორმატისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართება.

ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები