თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება

30 აპრილიდან -1 მაისის ჩათვლით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში”, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.
ფორუმს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის. მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი იქნებიან.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის მონაწილეები ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში.
„ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა). ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სესიებზე მოხსენებით წარსდგებიან ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი მარკ ლაიტი, ვაშინგტონში კარნეგის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი ერიკ ბრატბერგი, კრემლის გავლენის ინდექსის ხელმძღვანელი და ჩეხეთის ევროპული ფასეულობების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი იაკუბ იანდა, ფინური სამაუწყებლო კომპანიის სოციალური მედია პროდუქტის საგამოძიებო რეპორტიორი ჯესიკა არო და სხვები. ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სტრატეგიულ კომუნიკაციებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნელებისათვის. აღსანიშნავია, რომ ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება“, -აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები