“მმართველ გუნდში არ არის კრიზისი, შესაბამისად, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამას არ უკავშირდება”

პარტია “ქართული ოცნების” წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არ უკავშირდება მმართველ გუნდში ვითომდა არსებულ კრიზისს.
მისივე თქმით, მაისის პირველ ნახევარში გაიმართება პარტიის შეკრება, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ.
“მმართველ გუნდში ნამდვილად არ არის კრიზისი, ამისი არცერთი ნიშანი არ არსებობს. ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე, რომ ბიძინა ივანიშვილი წასულიყო პოლიტიკიდან. ახლა კი მან თავად გამოთქვა სურვილი, დაბრუნდეს თავისივე დაფუძნებულ პარტიაში თავმჯდომარედ და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური მხარე. აუცილებლად იქნება პოლიტსაბჭო, სადაც განვიხილავთ პრემიერ-მინისტრის ამ წინადადებას ოფიციალურად. მაისის პირველ ნახევარში გაიმართება პარტიის შეკრება, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარედ”,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, დღეს იყო პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა პარტიის ხელმძღვანელობასთან და კონსულტაციები გაგრძელდება პარლამენტის სხვა წევრებთანაც.
ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, საუბარი არ ყოფილა საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც მან აღნიშნა, არც თანამდებობრივი ცვლილებებია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები