ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებულ გ.ჯ.–ს დაცვის მხარე გავეცანით რა საქმის მასალებს, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ საქმე არასრულყოფილად და ნაჩქარევად იყო გამოძიებული. ამის ერთ–ერთი მიზეზი იყო ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის პროკურატურას არ ქონდა დასმული არანაირი ისეთი კითხვა, რომელიც აღადგენდა მომხდარის რეალურ და სრულ სურათს.
პროკურატურამ მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს დაზუსტებული კითხვებით, რამაც კიდევ უფრო გააჭიანურა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. ხუთი თვის შემდეგ წარმოდგენილი დასკვნით არათუ ნათელი ეფინება ჭეშმარიტებას, არამედ კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება რა მოხდა, კონკრეტულად რამდენი ადამიანი და დანა მონაწილეობდა ჩხუბში, რომელი დანით რა ჭრილობაა მიყენებული და ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დაღუპულებს. მიუხედავად ამდენი ლოდინისა ვერც ამ დასკვნით მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვებზე.
ყოველივე ამან დაგვარწმუნა იმის საჭიროებაში, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გარკვეული ზომები ჩვენც უნდა მიგვეღო. ამ მიზნით ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი ექსპერტ-კრიმინალისტები დიდი ბრიტანეთიდან – ჯეისონ პეინი–ჯეიმსი და სიუ კარნი.
საქმის სირთულიდან გამომდინარე გვჯერა, რომ ამ სფეროში განსაკუთრებული გამოცდილების მქონე სპეციალისტები დაგვეხმარებიან ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. ვთვლით, რომ მათი რეპუტაცია მათივე მიუკერძოებლობის გარანტიაა.
გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ მოგვითხოვია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა. დღიდან გამოძიების დაწყებისა ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოსთან და ყველაფერს ვაკეთებთ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დასადგენად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები