ბრიუსელში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-11 შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე მხარებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2017 წლის 16 მაისის შეხვედრის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის დამტკიცების, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის,  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის კუთხით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ამ და სხვა ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხს. ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა ცხადყოფს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას და ადასტურებს ადგილზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საჭიროებას. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტრუქციული ჩართულობისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

მხარეებმა დაადასტურეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა დიალოგის შემაჯამებელი ერთობლივი განცხადება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები