ბუქარესტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ისკო დასენისა და ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ბუქარესტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გრძელდება.

სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ქართველი კანონმდებლები რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბოტა მარიუს სორდინ-ოვიდიუს და სენატის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს იონელ-დანიელ ბუტუნოის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიც არის საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ტურიზმის სექტორის განვითარება.

რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობას. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუმინული ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ორ ქვეყანას შორის და ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის ათვისებას. ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ხაზი გაესვა ასევე ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების საკითხს, რაც მომავალში ამ ორ ქალაქში ტურისტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. ქართულმა მხარემ ამ საკითხების სიღრმისეული განხილვის მიზნით, რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში მეგობრობის ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მარია მაგდალენა გრიგორესთან, სადაც საუბრის მთავარ თემას საქართველოსა და რუმინეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების საკითხები წარმოადგენდა. მარია მაგდალენა გრიგორემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებობს სატრანსპორტო კავშირების განვითარების მაღალი პოტენციალი. ამ კუთხით, ცალკე აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობა, რომლის მიმართ რუმინულ მხარეს დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე ბუქარესტის მერის მოადგილესთან, აურელიან ბადულესკუსთან შეხვედრით დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების შესაძლებლობა განიხილეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ორი ქვეყნის მოქალაქეებს და შექმნის მეტ პოტენციალს ერთობლივი პროექტების თუ ღონისძიებების განხორციელებისთვის.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი და ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა მხეიძე და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ.

საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 27 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები