სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე რელიგიათაშორის დიალოგში მონაწილეობა მიიღო

0

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს” და UNFPA-ს პარტნიორობით, გაიმართა შეხვედრა – „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე”, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.

კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის მიმართულებით თანამშრომლობის გაუმუჯობესებასა და რელიგიური გაერთიანებების ჩართვას ისახავს მიზნად.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2017 წელს საქართველომ მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის” რატიფიცირება, რის შედეგადაც, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება. მათ შორის აღსანიშნავია, განხორციელებული ცვლილებები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, რომლითაც გაფართოვდა აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო. კანონი დღეს უკვე მოიცავს ოჯახის ფარგლებს გარეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც. ახალი რეგულაციებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში და პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის აღარაა საჭირო  მისი სასამართლოში წარდგენა. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი დანაშაულები, როგორებიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი