დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” მონაწილეებს სიტყვით გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა  მიმართეს.

მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურეს.

“ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას. ეს არის პრაგმატული, ინოვაციური გეგმა და ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ხიდების აგების კარგ შესაძლებლობებს იძლევა”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა.

“ინიციატივები ხიდების მშენებლობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის ის რაც ჩვენ დღეს გვჭირდება”, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

ღონისძიებაზე ასევე  მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტნიორმა ქვეყნებმა.

საქართველოს მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში High level meeting on peacebuilding and sustaining peace და  ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები