გია უდესიანი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღეს

ე.წ. კუს ტბის წილების იძულებით დათმობისა და ბესიკ ხარძიანის პენიტენციურ დაწესებულებაში წამების ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანზე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა.

ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გია უდესიანს უნგრეთის რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა.
„2017 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. უ.-ს უნგრეთის რესპუბლიკაში მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2015 წლის 18 თებერვალს დაამტკიცა ინსტრუქციები, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, არ ექვემდებარება წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნას. ზემოხსენებული ინსტრუქციების გათვალისწინებით, ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო გ. უ.-ს ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობა (მისთვის ინტერპოლის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი) და მიიღო გადაწყვეტილება მის შესახებ ინტერპოლში არსებული ინფორმაციის წაშლის თაობაზე, რაც აღსრულებულ იქნა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ. ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა გ. უ. წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,- განუცხადეს „კვირას“ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები