გიორგი კვირიკაშვილი: საამაყოა, რომ თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით

საამაყოა, რომ თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით, რომელიც თბილისის ტექნოპარკის მსგავსად, თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის განვითარების კუთხით.
„ახლა აქ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების რაოდენობა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონს 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში ამ მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება.
ენგურჰესის კაშხალზე ვაშენებთ მსოფლიო დონის ატრაქციას. ეს იქნება მრავალფუნქციური ტურისტული ზონა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ენგურჰესის ტურისტული ცენტრი, დარწმუნებული ვარ, გახდება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი.

მარტვილის კანიონი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ადგილია ტურისტული თვალსაზრისით. იქ უკვე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და დღეს ეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

ჩვენ ვაგრძელებთ საბაგიროების მშენებლობას სვანეთში. მხოლოდ მესტია-ჰაწვალის საბაგიროს პროექტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, 17 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მან დააკავშირა მესტიის ცენტრი ჰაწვალის საბაგიროსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებით ტურისტების მოზიდვისთვის და ადგილობრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. იცით, რომ 5 სოფელში დავამონტაჟეთ მინი საბაგიროები, რომლებიც ძალიან მიმზიდველი გახდა ადგილობრივი ბავშვებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და იქ უკვე შეჯიბრებებიც კი ეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ბავშვები მასობრივად უნდა ჩავრთოთ სპორტულ აქტივობებში და ეს არის სწორედ მინი-საბაგიროების დამონტაჟების მთავარი მიზანი.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს.

ამ ულამაზეს რეგიონში მთებს მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იზიდავს უამრავ მნახველს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წელგამართული, როცა მთაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს ცხოვრებისა და განვითარების ყველა პირობა ექნება. სწორედ ამიტომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის 158 მაღალმთიანი სოფელი უკვე სარგებლობს სპეციალური სახელმწიფო შეღავათებით, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მაღალ მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს შეღავათები განაპირობა მთის კანონის მიღებამ, რამაც ახალი ჟანგბადი და ახალი სუნთქვის საშუალება მისცა მთიან რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს – ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონრებს, იქ მოღვაწე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და დამერწმუნეთ, ეს ნაბიჯი იყო უმნიშვნელოვანესი, რათა მთაში არა მხოლოდ დავამაგროთ იქ მყოფი მოსახლეობა, არამედ ბარში ჩამოსული ადამიანები დავუბრუნოთ მთას.

რაც შეეხება რეგიონში დევნილთა განსახლების საკითხს, 1340-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, 870-ს კი – კერძო სახლები მიწის ნაკვეთით. ზუგდიდში შენდება 10 თორმეტსართულიანი კორპუსი 600 ოჯახისთვის, რომლებიც მალე საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია.
„ამ ისტორიული ბაღის აღდგენისა და განვითარებისთვის დაწყებული პროექტის ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა.

გასულ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი. ამჟამად მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი გაგრძელდება და ის მთლიანი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ფოთმა, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსიც შეიძინოს.

ზუგდიდსა და სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მიმდინარეობს თეატრების სრული რეაბილიტაცია.

რეგიონში გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო პროექტები. ესენი გახლავთ: მასშტაბური პროექტი ნოქალაქევის კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია ზუგდიდში, ზემო სვანეთში კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია.

დარწმუნებული ვარ, ყველა ეს პროექტი ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს და გააუმჯობესებს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონეს.

მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობა კიდევ არაერთი საჭიროების წინაშე დგას. წინ ბევრად მეტი საქმე გვაქვს და ჩვენი ხალხისთვის ეს საქმეები ერთად უნდა ვაკეთოთ, ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა შევქმნათ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, ამიტომ თანმიმდევრულად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობას მოიტანს.

ჩვენ საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზეც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ ევროკავშირში, შენგენის ზონის ქვეყნებში წავიდნენ სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ნდობა, საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი.

მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ვაშენებთ სახლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ოცნებაა, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. არც ერთი კეთილმოწყობილი ბინა და არც ერთი ჭერი, რომელსაც ჩვენს დევნილ მოსახლეობას ვაძლევთ, არ შეიძლება იყოს იმ ფუძის, იმ კერის შემცვლელი და ალტერნატივა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დატოვეს. ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს და დამერწმუნეთ, ეს არის შესაძლებელი იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა ამის, არამედ ჩვენ ვხედავთ ამ მომავალს და ამ მომავლის შენებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის. ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა ხაზი გავუსვა გუბერნატორის თავდაუზოგავ მუშაობას, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხრიდან, რა თქმა უნდა მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან აქტიური ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ველა ჩვენგანის ერთად დგომის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, კონსოლიდაციით მივიღებთ შედეგს. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია. სამეგრელომ ეს დაიმსახურა, მოთმინებით და რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომით. ჩვენი ისტორიის ყველაზე სანუკვარი ტრადიციები შემონახულია ამ კუთხეში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, როდესაც აქ ჩამოვდივართ. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ღვაწლით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარში დგომისთვის, თქვენი შრომისა და ბრძოლისთვის!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები