კლოდ მონე და ნათელა იანქოშვილი – ფიქრები საუკუნოვანი იუბილეს წინ…
გუშინ ვიყავი ლონდონის ეროვნულ გალერეაში, სადაც ახლა კლოდ მონესადმი მიძღვნილი გამოფენა – „მონე და არქიტექტურა“ მიმდინარეობს.
ეს ბრწყინვალე ექსპოზიცია სრულად წარმოაჩენს გენიალური ფრანგი მხატვრის გამოკვეთილ ინტერესსა და ყურადღებას არქიტექტურის მიმართ. 75 სურათი მართლაც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს და ყოველდღიურად ათასობით მნახველს აღაფრთოვანებს. ერთმა ბრიტანელმა არტკრიტიკოსმა ამ გამოფენის შეფასებისას ასეთი აზრი გამოთქვა: რა მდიდრები არიან ფრანგები ჩვენთან შედარებითო. ჩვენ ვერცერთ ბრიტანელ მხატვარს ვერ დავასახელებთ, რომელსაც ამ სახელწოდების გამოფენას გავუმართავდითო.
ჩემი ფიქრი უნებურად მისწვდა ქართველ მხატვრებს, ნეტავ ჩვენ თუ შევძლებთ ამ სახელწოდების გამოფენა რომელიმე ქართველ მხატვარს რომ მივუძღვნათ? ჩვენში რამდენიმე მხატვარს კი აქვს არქიტექტურა გადმოცემული ფერისა და ხაზის მეშვეობით, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად დიდი როდია, რომ ამ მასშტაბის გამოფენა მივიღოთ.
თუმცა რატომ? გამახსენდა, რომ ჩვენ დიახაც გვყავს ასეთი მხატვარი, ვინც ამ სახელწოდების ვრცელ ექსპოზიციას შეავსებს და მნახველს აგრძნობინებს რა „დამარხული თუ თვალსმოფარებული“ განძი აქვს მისი სახით ქართულ კულტურას.
ერთადერთი ქართველი მხატვარი, ვინც ჩვენი არქიტექტურის სიმდიდრე და მშვენიერება ასე ვრცლად და ამაღელვებლად გადმოსცა, გახლავთ საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ნათელა იანქოშვილი. მან ალბათ ასზე მეტი ფერწერული ტილო უძღვნა ჩვენს არქიტექტურულ ძეგლებს და თანაც რა ეპოქაში?!
აღსანიშნავია, რომ წლეულს იანქოშვილს 100 წლისთავი სრულდება. მის საიუბილეო გამოფენებზე თბილისის MOMA–სა და ხელოვნების სასახლის ექსპოზიციებზე ძირითადად პეიზაჟებს, პორტრეტებსა და გრაფიკას წარმოადგენენ, რითაც უფრო ცნობილია იანქოშვილი. საინტერესოა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ან ეროვნული გალერეა როგორ აპირებს ქართული ფერწერის ამ საამაყო წარმომადგენლის საუკუნოვანი იუბილის აღნიშვნას? საგულისხმოა ისიც, რომ იგი იყო თვით შალვა ამირანაშვილის ფავორიტი თანამედროვე მხატვარი. და რა უსამართლობა იქნება, თუ მისი სახელობის მუზეუმი აინუნშიაც არ ჩააგდებს ამ თარიღს?
ჩემთვის უცნობია, რას აპირებს ამასთან დაკავშირებით აღნიშნული მუზეუმი, მაგრამ მონეს გამოფენის ნახვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ შესანიშნავი იქნება, მის კვალდაკვალ გაკეთდეს გამოფენა: „იანქოშვილი და არქიტექტურა“.
ამდენი არქიტექტურული ძეგლი არცერთ ქართველ მხატვარს არ მოეპოვება. თანაც ის არტისტული სიძლიერე და სითამამე, რაც ამ სურათებს ახასიათებს, ნამდვილად არის დიდი მხატვრული მონაპოვარი, რომელიც მნახველმა მუდამ თვალწინ უნდა იქონიოს და აივსოს სიამაყოთ, რომ ქართველებს ღმერთმა ასეთი ტალანტი მოუვლინა. ეს ტაძრების ან სხვა ნაგებობათა მარტო იმიჯების დაფიქსირება როდია, ისინი უმალ ფილოსოფიური ნამუშევრებია, რომელიც ფიქრისა და განჯისთვის უხსნის სადინარს თანამედროვე ქართველს. ვის არ დაუხატავს მცხეთის ჯვარი, მაგრამ დროის და სივრცის პირისპირ ასე ეულ აფრასავით შთენილი არავის დაუნახავს…
აუცილებლად ვურჩევდი სახელწიფო მუზეუმს ამ თემატიკის ექსპოზიციის მომზადებას. იგი, პირველ რიგში, ათვალსაჩინოებს ჩვენი არქიტექტურის მრავალფეროვნებას და მშვენიერებას, ასევე ცხადყოფს მხატვრის ნაყოფიერებასა და ავტონომიურ ხელწერას, რომელიც ქართული ფერწერის დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. სხვა თუ არაფერი, საჭიროა ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, რომ ჩვენც გვყავს ასეთი მხატვარი.
თუ კლოდ მონე არის ფრანგულ ფერწერაში, რომელმაც ამდენი სურათი უძღვნა არქიტექტურას, ჩვენ გვყავს ნათელა იანქოშვილი, ვინც ქართული არქიტექტურა ვრცლად და მრავლისმეტყველად ასახა თავის ხელოვნებაში.
მარტო მათი დასახელებებიც კი მოწმობს, თუ რა სიუხვე და სიმდიდრე გაგვაჩნია ამ სურათების სახით, მართლაცდა, როგორც რუსთაველი იტყოდა: „გვაქვს უთვალავი ფერითა“, „მცხეთის ჯვარი“, ატენის სიონი“, „სხალთა“, „უფლისციხე“, „დავით გარეჯი“, „ქვარას ციხე“, „შატილი“, „იყალთო“, „ნიქოზის ტაძარი“, „უბისი“, „უჯარმა“, „გურჯაანის ყველაწმინდა“, „შემოქმედი (გურია)“, „ოპიზა“, „გოგიუბას ეკლესია“, „ჯვარი პატიოსანი“, „“ნეკრესი“, „მუხრანის ტაძარი“, „შენაქოს ეკლესია“, „ქურმუხა (კახი)“, „ალავერდის ეკლესია (ქიზიყი)“, „იოანე ნათლისმცემლის ეკლესია“, „ოზაანის ამაღლება“, „მოწამეთა“, „ლებაისკარის კოშკი“, „ზარზმა“, „კაცხის სვეტი“, „ომალო“, „ლომისა“, „გრემი“, „უჯარმა“, „დარია დედოფლის სასახლე“, „შილდის ეკლესია“, „ხორნაბიჯის ციხე“ … და კიდევ სხვა მრავალი.
არ უნდა იქნეს დავიწყებული ისიც, რომ ეს სურათები, ძირითადად, კომუნისტურ ეპოქაში იქმნებოდა და თუ კონსტანტინე გამსახურდია არის პროზაში ჩვენი სიძველეების სიტყვით მეჩუქურთმე, პოეზიაში კი – გალაკტიონი და ანა კალანდაძე, ფუნჯით იგივე მოიმოქმედა ნათელა იანქოშვილმა.
და ახლა, როცა უკვე მხატვარი ცოცხალი აღარ არის, მარადისობის წინაშე უპირატესობით უნდა გაიზომოს ამიერიდან მისი დანატოვარი. ჩვენი ხელოვნების ისტორიკოსებსა და კრიტიკოსებს ევალებათ, კარგად გაუთვალსაჩინონ საზოგადოებას ამ მხატვრის ღირებულება. იგი დიდი და მრავალმხრივი ხელოვანია, ვინც ქართულ და მსოფლიო ხელოვნებას სულისშემძვრელი სილამაზე ნოვატორული მხატვრული ენით გაუმხილა. ასეთი ბედი ერგოთ ბრაზილიელ ტარსილა დო ამარალის, მექსიკელ ფრიდა კალოს და ამერიკელ ჯორჯია ო’კიფს, მათ წლები დასჭირდათ, ისე ამობრწყინებულიყვნენ, როგორ ისინი იმსახურებდნენ. მხოლოდ ათი წელი გავიდა იანქოშვილის გარდაცვალებიდან და ალბათ, შორს არ არის დრო, როცა მის შესახებაც ასევე ალაპარაკდებიან!
„იანქოშვილი და არქიტექტურა“ კი მართლაც შესანიშნავი თემაა, რომელიც მიიზიდავს როგორც ადგილობრივ დამთვალიერებელს, ასევე უცხოელ სტუმრებს, რომლებსაც ასე აინტერესებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძეგლები და მათი ისტორია. გყავდეს ასეთი მხატვარი, ვინც ამდენს ელოლიავა ფერით საკუთარი სამშობლოს ისტორიას და სათანადოდ არ დააფასო და არ წარმოაჩინო მისი თავგანწირვა, ეს იქნება უმადურობა და საკუთარი სიმდიდრისგან თვითგანძარცვა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ქართული ეკლესიის წინაშე არცერთ მხატვარს არ მიუძღვის იმგვარი ღვაწლი, როგორც ნათელა იანქოშვილს და ამ სახელწოდების გამოფენის გამართვას ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მათი მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს…
ამასთან, ჩნდება სულ უფრო მეტი საჭიროება, რომ გულდაბეჯითებით ჩავუკვიდრეთ, შევისწავლოთ, თვალი ხელახლა მივადევნოთ ჩვენი მხატვრობის ისტორიას, რომელიც თავიდან არის დასაწერი და მოუსყიდავი, გულდინჯი ანალიზით არის ასაწონი ყველას ღვაწლი, თავისთავადობით და არა მარტო საინტერესო ბიოგრაფიით!
აქ იგულისხმება მეოცე საუკუნის ოციანი წლების რამდენიმე მხატვარი, რომლებმაც პარიზში გაიარეს სწავლა და ამით ლეგენდარულის სახელი შეიმოსეს. სინამდვილეში, გულწრფელები რომ ვიყოთ, ასეთ მხატვრებს სხვაგანაც შეხვდებით, მაგრამ იანქოშვილის დარი თავისთავადობა და სიანკარე არცერთ მათგანს არ მოეპოვება. იანქოშვილს მიერ დამკვიდრებულ სიახლეებსა და თავისებურებებზე ხმამაღლა უნდა ითქვას და დაფიქსირდეს ჩვენი ხელოვნების ისტორიაში. და როცა თვალს მივადევნებთ ასობით მხატვარს მთელ მსოფლიოში, მაშინ კიდევ უფრო ვირწმუნებთ და დავაფასებთ იანქოშვილის უნიკალურობას.
ნათელა იანქოშვილს აქვს ის მხატვრული ძალმოსილება, რომ გასცდეს ეროვნულ საზღვრებს და მსოფლიოს ელაპარაკოს, რასაც ფიროსმანთან ერთად მხოლოდ იგი თუ გაუძლებს. ამიტომ ელის მას აღიარებაც და უკვდავებაც და ეს 21-ე საუკუნეში მოხდება!
დროა, ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა, ასევე ისტორიკოსებმა, ფილოლოგებმა, ფილოსოფოსებმა და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა იანქოშვილი საგულდაგულო კვლევის საგნად გაიხადონ. მასთან უცილობლად იპოვიან ძალიან ბევრ მიღწევას, რითაც იგი კიდევ უფრო ამაღლდება და ყველაზე ანგარიშგასაწევი მხატვრების გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს. იმათ შორის მოხვდება, ვინც თანაბრად ეკუთვნის როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო ხელოვნებას.
გრიგოლ რობაქიძეს განსაკუთრებით უყვარდა ფიროსმანი და ის რომ მოსწრებოდა იანქოშვილს, კვლავაც ალაპარაკდებოდა ქართული სულის არისტოკრატიზმზე.
დასანანია, რომ ასეთი მოაზროვნეები აღარ შერჩა საქართველოს, თუმცა ოთარ ჩხეიძე, ნოდარ დუმბაძე, შალვა ამირანაშვილი და სხვებიც იმთავითვე გრძნობდნენ და აღიარებდნენ იანქოშვილის უდიდეს ნიჭიერებას. დასანანია, რომ მეოცე საუკუნეში მსოფლიომ სათანადოდ ვერ შეიტყო და ვერ გაიზიარა მისი ჭეშმარიტი ფასი. ახალი თაობის ვალია, ამ ყველაზე იდუმალი ქართველი მხატვრის ხელახლა აღმოჩენა და ხელოვნების ისტორიაში მისთვის ღირსეული ადგილის მიჩენა.
მანამდე კი, საქართველომ იანქოშვილის 100 წლის იუბილე უნდა აღნიშნოს.
გიორგი ლალიაშვილი,
ლონდონიდან,
სპეციალურად პორტალ „კვირისთვის“