დასავლეთ ლატვიის სანაპიროზე რუსული „გერბერას“ ტიპის მოიერიშე დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დრონის ფრაგმენტი ლატვიის სანაპიროზე გამოირიყა.
„ადგილზე მივიდა ეროვნული საჰაერო ძალების ასაფეთქებელი ნივთიერებების გამანადგურებელი ჯგუფი აღმოჩენილი ობიექტის გასაანალიზებლად“, – დასძინა ლატვიის სამხედრო ძალებმა.
თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენილი ნამსხვრევი „რუსული სატყუარა დრონი „გერბერას“ უკანა ნაწილია და მასში ასაფეთქებელი ნაწილი არ იქნა აღმოჩენილი“.
„მე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დავავალე, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს პოლონეთში, რათა დაადგინონ, ჰგავს თუ არა ეს დრონი გასულ კვირას პოლონეთში ნაპოვნ დრონს“, – აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ.
მანვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება პრიორიტეტულია, „ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბალტიის ზღვის სანაპიროს დაცვა საჭირო სენსორების დამონტაჟებით“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ღამით პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ ბელარუსული და რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობის გაძლიერებული აქტივობა დააფიქსირა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას თითქმის ორმა ათეულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.