საკრებულოში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავშესაფრის მობინადრეთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა. ამ პროცესში მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერიულ თიხაზე მუშაობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ნაქარგები, თიხისა და ხისგან დამზადებული ნაკეთობები და სუვენირები. სულ გამოფენილი იყო 100-მდე ნამუშევარი. ღონისძიებას ნამუშევრების ავტორები დაესწრნენ.

სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას და მხარდაჭერას და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან. თავშესაფრის მობინადრეები სამუშაო მასალით თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მიერ არიან უზრუნველყოფილნი.

მიუსაფარ პირთა გამოფენა დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძემ, მერიისa და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

„თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში, სოციალური უნარების განვითარებასა და რეალიზებაში მუდმივად გქონდეთ ჩვენი, მერიის მხარდაჭერის იმედი. 10 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა თავშესაფრისთვის და გვიხარია, რომ ეს არ არის მხოლოდ თავშესაფარი, არამედ, ეს არის თქვენი სახლი“, – განაცხადა გამოფენაზე გელა ჩივიაშვილმა.

ზურაბ ჩიკვილაძემ ბენეფიციარებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს და მერია და საკრებულო, მსგავსი გამოფენების მოწყობაში, მომავალშიც გააგრძელებენ მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციართა მხარდაჭერას.

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. თავშესაფრის მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით, 24 საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი, უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები