ბექა დავითულიანი: მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი წინა არჩევნებთან შედარებით – ცალსახაა, რომ პრაქტიკულად უალტერნატივოა ჩვენი გუნდის გამარჯვება
მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი წინა არჩევნებთან შედარებით. ცალსახაა, რომ პრაქტიკულად უალტერნატივოა ჩვენი გუნდის გამარჯვება, მაგრამ მოსახლეობას აქვს თავისი კონკრეტული პრობლემები, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„პრობლემები, რომელიც დარჩა მოსაგვარებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებას ჩვენს გარდა ამ ხალხს არავინ ჰპირდება. ზოგი ჰპირდება დამხობას, ზოგი მეორე ადგილს, არავინ ჰპირდება გამარჯვებას და პრობლემების მოგვარებას.
წარმოვიდგინოთ ოპოზიციონერი მერი, რომელიც ცუდ ურთიერთობაშია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, წარმოვიდგინოთ პრობლემები ბიუჯეტური, წარმოვიდგინოთ ქალაქის მერიაში კოალიციური ხელისუფლების პრობლემები. ადგილობრივი თვითმმართველობა პოლიტიკას ხომ არ ქმნის არსებითად. ადგილობრივი თვითმმართველობა აწყობს ინფრასტრუქტურას, ცდილობს კომფორტი შეუქმნას თავის მოსახლეობას და სოციალური შეჭირვება შეუმსუბუქოს. ამ ყველაფრის ფონზე კოალიციური ხელისუფლება ქალაქს პრობლემის მეტს ვერაფერს მოუტანს, რომელიც ისედაც არ გვაკლია“, – აღნიშნა დავითულიანმა.