ნათია მეზვრიშვილი: მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას არ გულისხმობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს, განაცხადა, რომ ცვლილებები მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას არ გულისხმობს.
როგორც მან აღნიშნა, ყველა უფლებამოსილებაში, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, მონაწილეობას სკოლის წარმომადგენელი და მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიიღებს.
“მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს.
ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები