„დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა?“

დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა? – ამის შესახებ საფრანგეთში დაკავებული ქართველი მსახიობის კახა აბუაშვილის „კაბუს“ დედა, ცირა აბუაშვილი-ნავროზაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, მსახიობი სექტემბრისთვის აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.
“ჩემი შვილი ქურდი რომ არ არის, ყველამ იცის. ჩემი საფულიდან დაუკითხავად 10 თეთრი არ ამოუღია და სხვას რამეს მოჰპარავდა? სექტემბრისთვის აპირებდა ჩამოსვლას, მკურნალობას ბოლომდე მივიყვან და წამოვალო. უნდოდა იმ ჭაობიდან ამოსვლა. ღვიძლსა და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ყბა-სახის ოპერაციაც აქვს გაკეთებული და მისი მიხედვაც უნდოდა. მართალია, 100%-იანი დაზღვევა ჰქონდა, მაგრამ მეუბნებოდა, მგონი, ეს პროცედურა არ შედის პროგრამაში, ვიკითხავ, იქნებ ფინანსდება, ამასაც გავიკეთებ და წამოვალო. კანში ცხოვრობდა მეგობართან, ის კახას რეაბილიტაციაში დაეხმარა. ხომ იცით, უცხო ქვეყანაში ქართველები ერთმანეთს პატრონობენ და ეპატიჟებიან. მითხრეს, კახას რომელიღაცა „კანონიერი ქურდის“ დაბადების დღეზე სურათები აქვს გადაღებული და ამიტომ დააკავესო. გამოდის, ურთიერთობა აღარავისთან უნდა ჰქონდეს, მაშინ გამოკეტონ და არავის დაალაპარაკონ. კახა ცდილობდა, სამსახური ეშოვა, მაგრამ ვეუბნებოდი, შენი მუშაობა არ გვჭირდება, ცოტა ხანს კიდევ დარჩი, ნუ წამოხვალ, თავს მიხედე-მეთქი. საფრანგეთში 1-2 სიმღერა ჩაწერა, მისი პროფესიის კაცს იქ რა უნდა გაეკეთებინა?!“, -აცხადებს „კაბუს“ დედა.
16-17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია Caucase­ Normandie-ს დროს ოთხი ქართველი­ ე.წ.”კანონიერი ქურდი – ლაშა შუშანაშ­ვილი (“ლაშა რუსტავსკი”), ალექსანდ­რე კობალაძე (“სიუ”), ნოდარ შუკაკიძე­ (“ნოდო გლდანსკი”) და მერაბ ასანიძე (“ჩიკორა”) დააკავეს. ქართველი, ფრანგი­ და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართველი “კანონიერი ქურდების” გარდა, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. საფრანგეთში დაკავებულთა შორის არის ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი (“კაბუ”), რომელიც მესამე წელია ქალაქ კანში ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები