დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა – ფოტოკოლაჟი

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა. კომპანიის  სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, კახაბერ მახათაძესთან ერთად, ამ დღესთან დაკავშირებულ გამწვანების ღონისძიებებსა და დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. უფრო კონკრეტულად კი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სპეციალურად,  კახეთიდან ზესტაფონში ჩატანილი 250 ნერგი დაირგო.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, „ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვით კამპანიებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს.
„ტრადიციულად, ჩვენ წელსაც შევუერთდით დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს – დავრგეთ ნერგები, მონაწილეობა მივიღეთ დასუფთავების აქციაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ეკოლოგიური შინაარსის ღონისძიებებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ამასთან, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა განმარტა, ქარხნის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი ტუია და 50 ძირი კედარი დაირგო.
„კახეთიდან, კერძოდ კი თელავიდან და ახმეტიდან, სპეციალურად დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩამოვიტანეთ ნერგები, მათ შორის, 200 ძირი ტუია და 50 ძირი წიწვოვანი ხე, კერძოდ, კედარი და დღეს ერთობლივად, ქარხნის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დავრგეთ ეს ნერგები, ამავდროულად, დავასუფთავეთ დაბეტონებული მოედნები, რომლებიც ჩვენ მიერ არის გაკეთებული და ამ ფორმით აღვნიშნეთ ეს დღე. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ მსგავს ღონისძიებებში და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალას, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის გამწვანების საქმეში“, -აღნიშნა ვასილ გველესიანმა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სრული შემადგენლობით შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებებს. მერმა კომპანიას მადლობა გადაუხადა. ამასთან, როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოთქვა მზადყოფნა, გაამწვანოს ასლანიკაშვილის სანაპიროს ტერიტორია.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისი ყველა სამსახურით, ჩაერთო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას და ყოველი თვის ბოლო შაბათი დასუფთავების დღედ დაწესდა. ვინაიდან დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, დავგეგმეთ სპეციალური ღონისძიებები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ღონისძიებაში, მთელი შემადგენლობით, ჩართულია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მათ ასეთი აქტიურობისათვის მადლობას ვუხდი. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ 23 აპრილს ზესტაფონში ველოსიპედის დღეს აღვნიშნავთ. ველოსიპედის დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ველოგარბენი მოეწყობა. ამავე დღეს გაიმართება ახალი პროექტის პრეზენტაცია. „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ პროექტშიც აქტიურადაა ჩართული, კომპანიამ ველობილიკის გასწვრივ არსებული ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება საკუთარ თავზე აიღო. პროექტი თითქმის მზად არის, ახლა თანხების მოძიების პროცესში ვართ. პროექტი დაახლოებით 300 ათას ლარამდე ღირებულებისაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება“, -აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.
ცნობისთვის, 22 აპრილი, დედამიწის საერთაშორისო დღე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, ზესტაფონში გამწვანებისა და ქალაქის დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაში, “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, მერიის, საკრებულოს, ა (ა) იპ – ი დაწესებულებების, საჯარო სკოლების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები