აშშ-ში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები დაფიქსირდა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი კვლავ გრძელდება.
ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ხმა ფლორიდაში, პალმ ბიჩში მისცა.
რაც შეეხება მოქმედ ვიცე-პრეზიდენტსა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს, მან თავისი არჩევანი გასულ კვირას ფოსტის საშუალებით დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ტექნიკური პრობლემების გამო დაგვიანებით დაიწყო.
ჯორჯიის შტატში საარჩევნო უბანზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა. შტატის ხელისუფლების განცხადებით, მუქარის შემცველი შეტყობინება რუსეთიდან მოდიოდა.
გარდა ამისა, კოლორადოს შტატის მდივანმა გაამჟღავნა, რომ საარჩევნო აღჭურვილობის პაროლები ოთხი თვის განმავლობაში ინტერნეტში იყო განთავსებული. ჯენა გრისვოლდის თქმით, არჩევნების წინ მოხდა „უსაფრთხოების შემაშფოთებელი დარღვევა“.