საქპატენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქპატენტის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას.

,,მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება სემინარები, ტრენინგები, პანელური დისკუსიები და სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყებასთან (EPO) შუამდგომლობით, საქპატენტი უზრუნველყოფს KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წვდომას EPO-ს აკადემიის PATLIB-ის სასწავლო კურსებსა და მასალებზე, რათა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში აქტიურად იქნეს გამოყენებული საპატენტო ინფორმაცია და შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტებისა და კვლევების კომერციალიზაციასა და დაცვას, ასევე, უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე და ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ამირანაშვილი და KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე.

დამატებით აღსანიშნავია, რომ აქტიურ ფაზაშია ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის საკითხი. იგეგმება, სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), საქპატენტსა და KIU-ს შორის. სამაგისტრო პროგრამა – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიზნად ისახავს სამაგისტრო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი განათლების მაღალ საფეხურზე მხარდაჭერასა და რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო მიმზიდველობის ცენტრად ჩამოყალიბებას.

WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს 17 ქვეყნის საუკეთესო რეპუტაციის მქონე 18 უნივერსიტეტთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები