„ძნელია, ბავშვს ელაპარაკო წიგნის სიყვარულზე, როცა ოჯახში კითხვა არ უყვართ“…

ცისმარ ყურაშვილი, იზო სამუშია

ფილოლოგობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ავტორიტეტმა გადააწყვეტინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველი გაკვეთილები ღელვის, შფოთისა და დიდი პასუხისმგებლობის ,,ეპოქაიყო...  მას შემდეგ 37 წელზე მეტია იზო სამუშია სკოლაშია და მოსწავლეებს ქართული ენის სიმშვენიერეს აზიარებს… მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში   „კარცერ-ლუქსიც“ მისი და ცისმარ ყურაშვილის  იდეით შეიქმნა… ოთახს მისი ნაქარგები ამშვენებს…
პორტალ „კვირის“ სტუმარია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი იზო სამუშია.

– გავიზარდე სოფლად, ჩემი მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ. ბავშვობიდან შრომაში  ვიყავი ჩაბმული. დამამახსოვრდა თბილი ურთიერთობა მშობლებთან, და – ძმებთან, ახლობლებთან.
მაშინ სიტყვა „ფილოლოგის“ მნიშვნელობა არც ვიცოდი, მაგრამ ქართულის მასწავლებელი  იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო  ჩემთვის, რომ მისი გზა ავირჩიე.

სტუმრად ივანე ჯაფარიძის რადიოგადაცემაში

– უნივერსიტეტი…
– სოფლის ცხოვრებასთან შედარებით სტუდენტური ცხოვრება უფრო თავისუფალი მეჩვენებოდა. მოვიხიბლე ლექტორთა უმრავლესობით. გამორჩეულია მიყვარდა რისმაგ გორდეზიანის ლექციები.
– რა არის თქვენთვის სკოლა?
ჩემთვის სკოლა მუდამ მზადყოფნისა და თვითშეფასების განმტკიცების შესაძლებლობის მომცემი სტრუქტურაა.
პირველი გაკვეთილები ღელვის, შფოთისა და დიდი პასუხისმგებლობის ,,ეპოქა“ იყო. მოწიწებითა და მადლიერებით ვიხსენებ ჩემს პირველ პროფესიონალურ დამრიგებლებს  – ქალბატონებს:  თინა ონიანსა და დოდო თოფურიას.
როდის დაიწყეთ ხელსაქმე…
– თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო დატვირთული სამუშაო სიტუაციისგან განტვირთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, სილამაზის ჩემეული შეგრძნების გათვალისწინებით.
– 124-ე სკოლის „კარცერ-ლუქსს“ თქვენი ნაქარგობა ამშვენებს…

„კარცერ-ლუქსი“

– გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ციცო ყურაშვილს და მე გვსურდა, ეს იდეა სკოლის ცხოვრებაში განგვეხორციელებინა. ვთვლი, რომ სკოლისთვის და ზოგადად, ეს არა სარეკლამო საჩვენებელი ოთახია, არამედ ასრულებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და შემეცნებით ფუნქციას. ზოგი იუმორით უყურებს, ზოგისთვის სილამაზის სალონია, ზოგისთვის სკოლის გასამშვენიერებელი ოთახი. ვისურვებდი, მას უფრო სერიოზული და ფუნქციური დატვირთვა ჰქონოდა.
– სკოლა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობისაა… თქვენი და ცისმარ ყურაშვილის ინიციატივით მუდამ საინტერესო, ეროვნული განცდით დამუხტული საღამოები ტარდება…
– დიახ, სხვადასხვა დროს  ჩვენი სტუმრები იყვნენ: დათო ტურაშვილი,  ირაკლი ლომოური, ეკა ბაქრაძე, თამრი  ფხაკაძე, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული წარმატებული ადამიანები, მათ შორის ქალბატონი ნინო ქუთათელაძე… ფერეიდნელი ქართველები, მიხეილ ჯავახიშვილის შთამომავლები… ჟურნალ „ანეულის“ სარედაქციო კოლეგიის წევრები…
. რატომ არის, რომ დღეს მოსწავლეებში სისასტიკემ იმატა…
–  დღევანდელი ბავშვები 90-იანელების შვილები არიან, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ძმათამკვლელი დაპირისპირების ფაქტები, რამაც მათი ფსიქიკა დაანგრია. შესაბამისად, კონტაქტი მშობლებსა და შვილებს შორის, მშობლებსა და სკოლას შორის სასურველზე ნაკლებია და ამიტომ ბავშვებს უჭირთ აბურდულ ყოფაში ცოდნით მიმართულების პოვნა.
– ქართველი მწერლებიდან ვის გამოარჩევდით?

სტუმრად ივანე ჯაფარიძის რადიოგადაცემაში

–  საყვარელი მწერალი არც ისე ბევრია, გამოვარჩევდი ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელს, და, რა თქმა უნდა, რევაზ ინანიშვილს.
– რევაზ ინანიშვილის დიდი ქომაგი ხართ… რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის თვის უკვე მეორედ, სკოლის სახელით, პრიზი დააწესეთ და გამარჯვებულები დააჯილდოვეთ…
–  ქალბატონი ციცო ყურაშვილი და მე გამარჯვებულს წელსაც დავაჯილდოვებთ.
რევაზ ინანიშვილის გულშიჩამწვდომი და ღრმა ნააზრევი მარტივად აღსაქმელია მკითხველისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. ამიტომ ეს კონკურსი ერთგვარი აგიტაციაა მისი ნაწარმოებების გმირთა ცხოვრების გამომზეურებისა და გათავისებისა.
– იღვწით სკოლის მახლობლად მდებარე რევაზ ინანიშვილის სკვერის მოსაწესრიგებლად….
– სკვერის მოწესრიგების პროცესი გაჭიანურებულია, უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის დაძლევის პრობლემა სახეზეა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების სიტყვას თუ ვენდობით, საკითხი შეიძლება დადებითად გადაწყდეს.
– რა არის საიდუმლო იმისა, რომ ლიტერატურა, წიგნის კითხვა  შეუყვარდეთ ბავშვებს?

„კარცერ-ლუქსი“

– ის მართლაც საიდუმლოა, ზოგისთვის ადვილად ამოსაცნობი. ზოგისთვის ძნელად გადასალახი, მაგრამ თუ ადამიანი ცხოვრების შემადგენელ ძირითად ნაწილად გრძნობს თავს, არ შეიძლება წიგნი არ უყვარდეს, არ დაინტერესდეს სხვისი ცხოვრებით, არ შეადაროს იგი თავისას. არ წარმოიდგინოს თავი უცხო, ან თუნდაც ნაცნობ  სამყაროში. ძნელია, ბავშვს ელაპარაკო წიგნის სიყვარულზე, როცა ოჯახში კითხვა არ უყვართ, ან ვერ იცლიან მისთვის, ვერ მიმართავენ მის აღქმას თავისუფალი, ჰუმანური მიზნებისაკენ.
ამიტომ კიდევ ერთხელ დგება სკოლისა და ოჯახის ურთიერთთანამშრომლობის პროცესის გააქტიურების საკითხი, ვიდრე იგი ჯერ მხოლოდ პროცესია და პრობლემად არ ქცეულა.
– დღევანდელი სკოლის პრობლემები…
– სკოლაში პრობლემები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. განსხვავებულად მოაზროვნე კოლექტივის წევრებთან ,,ტკბილი“ ურთიერთობა გამორიცხულია, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენის უნარი, თუნდაც ეს აზრი მიუღებელი იყოს, თანამშრომლობისათვის აუცილებელი პირობაა. ნამდვილი მასწავლებლისთვის სკოლის ზღურბთან პრობლემების დატოვება და ყოფით ცხოვრებაში გადაშვება წარმოუდგენელია. ეს საკითხი მასწავლებელს სახლშიც აწუხებს.
ძირითადი პრობლემა, რომელმაც ახლა სკოლა სრულიად მოიცვა, არის ბიოკრატიული ქაღალდომანია ინფორმაციული საშუალებებით, ერთმანეთთან ურთიერთობა საიტებით ხდება, მაშინ როცა პიროვნებას ვხვდები, ველაპარაკები, ვკონტაქტობ, თურმე სასკოლო ჩანაფიქრები რომელიმე ელფოსტით უნდა გავუგზავნო.

სკოლის სტუმარი – თემურ ჩალაბაშვილი

– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, შვილებზე…
– მყავს 2 შვილიშვილი, ძალიან მონატრებული ნიკოლოზი და საბა გურგენიძეები.
ჩემი შვილები სკოლაშიც კარგად სწავლობდნენ, უმაღლესი განათლებაც შესაბამისი მიიღეს, ორივე წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანია, მათი სითბო და ყურადღება ჩემ მიმართ დედაშვილობის სიმყარეზეა დაფუძნებული და დარწმუნებული ვარ, ეს ფუძე არ მოიშლება.
– ოცნება?
– ძალიან პათეტიკურად რომ არ გამომივიდეს, ის, რაც ყველასთვის სანატრელია, ჩემთვისაც პირველადი საკითხია, ისე კი განათლება (არა დიპლომთა რაოდენობა), ნაკითხობა, სხვისთვის სიკეთის კეთება, ,,მე“-ს კი არა, ,,ჩვენის“-თვის უპირატესობის მიცემაა ჩემი ოცნება…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები