იულია სკრიპალის საავადმყოფოდან გაწერას ექიმი ადასტურებს
სოლსბერის ჰოსპიტალის დირექტორმა კრისტინ ბლანშარდმა დაწესებულებიდან იულია სკრიპალის გაწერის ფაქტი უკვე ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, სკრიპალს კვლავაც მოუწევს მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ამ ეტაპზე მისი გაწერა სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე შესაძლებელია.
წინა კვირას იულია სკრიპალმა პირველად ისაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ის გაცილებით კარგად გრძნობდა თავს. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ სერგეი სკრიპალის მდგომარეობაც დასტაბილურდა.
4 მარტს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს ქალაქ სოლსბერიში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გერეუს“ ყოფილი და ამჟამად ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომელი და მისი ქალიშვილი რუსულმა მხარემ მოწამლა სპეციალური ნივთიერებით, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.