ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

7 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს მთავარი თემა ბიძინა მგალობლიშვილის პოეზია იყო. აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი ბიძინა მგალობლიშვილი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დახვრიტეს. იქვე დარჩა მისი გამოუქვეყნებელი კრებული. გამოფენაზე წარმოდგენილი ლექსები ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შემოინახეს და ფართო საზოგადოება რამდენიმე მათგანს პირველად გაეცნო. პოეზიის დღესასწაულში მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. საღამოზე ნაჩვენები იყო გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სოხუმი”. შეგახსენებთ, რომ 1920 წლის 7 მაისი პოეზიის დღედ „ცისფერყანწელთა” ორდენმა გამოაცხადა და რამდენიმე წელი აღინიშნებოდა. ამ დღისადმი მიძღვნილი გაზეთიც გამოდიოდა, რომელიც საღამოზე „ცისფერყანწელთა“ სხვა პერიოდულ გამოცემებთან ერთად იყო გამოფენილი. შვიდმაისობის აღდგენის იდეა 2010 წელს გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები