ქართველ ტყვეთა ანსამბლის სიმღერების აუდიო-დისკი და წიგნი გამოიცემა
2014 წლის სექტემბერში ომის დროს ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერების აუდიო-დისკი და წიგნი გამოიცემა. ალბომში, ბერლინის ფონოარქივიდან ამოღებული, ტყვედ ჩავარდნილი ქართველების მიერ ნამღერი, 60-მდე ხალხური სიმღერა შევა, წიგნში კი წარმოდგენილი იქნება ამ სიმღერების შემსრულებელთა ფოტოსურათები. პროექტი ბერლინის ფონოარქივთან ერთად ხორციელდება. ფონოარქივში თავმოყრილია 90-ზე მეტი ამ დრომდე უცნობი ქართული ხალხური სიმღერა, – ალბომისთვის მათგან მხოლოდ 60-ის არჩევა მოხერხდა.
პროექტი ინიცირებულია თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის „ქართული სეზონის“ ფარგლებში ხორციელდება.