სოფელ ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიას 16 თებერვალს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.

ეკლესია დგას მთის ფერდზე, ტყეში. დარბაზულია (16,8×13,7 მ), სამივე მხრიდან – მინაშენებით. აგებულია ალგეთის ქვით, კაპიტელებისა და კუთხის ქვებად გამოყენებულია შირიმი და მწვანე ტუფი. ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთის ერთი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები მთლიანად დანგრეულია. სამხრეთი მინაშენის კამარა ტაძრის სამხრეთ კედლის შვერილს ებჯინებოდა. დასავლეთის მინაშენი ორნაწილიანია. თითოეული ერთმანეთისგან იზოლირებულია. ორივე ცილინდრული კამარით მთავრდებოდა. ჩრდილოეთის ნაწილში შესასვლელი ტაძრის დასავლეთი კარიდანაა. ჩრდილოეთის კედელში ერთი ვიწრო სარკმელი აქვს. ასეთივე სარკმელი ჰქონია აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთის მინაშენის ნაწილში (ამჟამად მიწითაა დაფარული). მინაშენი ეკვდერია. მის სამხრეთით უფრო მცირე ზომის მინაშენია, მასში შესასვლელი სამხრეთი მინაშენიდან უნდა ყოფილიყო. ახლა დანგრეულია.
ტაძრის გარშემო სხვა ნაგებობათა კვალი არ შეინიშნება.
ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია შეიცავს ეპოქის სტილისტურ მახასიათებლებს: გეგმარება, პილასტრებისა და თაღების მონაცვლეობა, პროფილირებული კაპიტელები, კარ-სარკმელთა ფორმები, დასავლეთის ეკვდერთა გადაწყვეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები