კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოს აღსრულების პირველ კოდექსზე მუშაობა დაასრულა

აღსრულების კოდექსის პროექტზე მსჯელობისათვის დღეს ბოლო სხდომა კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ გამართა. სხდომისას საბჭოს წევრების პოზიციები, მოსაზრებები და კოდექსის პროექტთან დაკავშირებით შეთავაზებები მოისმინეს. განსაკუთრებული ყურადღება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვეული ექსპერტის, იოს უიტდეჰააგის, მოხსენებას დაეთმო, რომელიც საქართველოში ამ სხდომისთვის ჩამოვიდა და საბჭოს წევრებს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო.

„ჩვენი საერთო დასკვნა შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით ისაა, რომ პროექტი გვთავაზობს გამართულ, კარგად სტრუქტურირებულ საკანონმდებლო მიდგომას აღსრულების სისტემის მიმართ. აღსრულების კოდექსის პროექტი არის მწყობრი, ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი ყველა დაინტერესებული პირისთვის − კრედიტორების, მოვალეების, სასამართლოების და მესამე პირებისთვის, ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებისათვის”, − ნათქვამია ევროპელი ექსპერტის დასკვნაში.

კანონპროექტზე წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს ბიზნესასოციაციამ, ბანკების ასოციაციამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ნოტარიუსთა პალატამ, ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. ამ შენიშვნების გარკვეული ნაწილი სხდომაზეც განიხილეს.

„დღევანდელი სხდომით სრულდება საქართველოსთვის ევროპული ტიპის აღსრულების კოდექსის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი. საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით კი, კერძო სექტორისა და მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, მაღალი ხარისხის  ჩართულობისთვის ვუხდი მადლობას. თითოეული მოსაზრება იქნა განხილული, უმრავლესობა მათგანი აისახება საბოლოო პროექტში, რომელიც აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობას წარედგინება”, − განცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობდა.

აღსრულების კოდექსის პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი აღსრულების სფეროში  ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის − კოდექსის არარსებობა და  ე.წ. შერეული სისტემის გამთლიანების აუცილებლობაა. დღეს ბიუროს აღმასრულებელი ვალდებულია, წარმოებაში მიიღოს ყველა ტიპისა თუ კატეგორიის საქმე, განსხვავებით კერძო აღმასრულებლისაგან, რომელსაც ასეთი ვალდებულება არ აქვს. ასევე, სათანადოდ  არ არის გაწერილი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობები შეუსრულებელ ვალდებულებებზე; სხვადასხვა დროს სააღსრულებო საქმიანობის შესახებ კანონში შესული მრავალი ცვლილების გამო რთულია მისი აღქმა და გამოყენება.

აღსრულების კოდექსი აყალიბებს სრულიად ახალ სისტემას, მიჯნავს სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, ამარტივებს სააღსრულებო პროცესსა და წარმოებას, ამცირებს მის ვადებს. უქმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი, მის ნაცვლად კი, იქმნება აღმასრულებელთა პალატა, სადაც ყველა აღმასრულებელი გაერთიანდება და მათთვის საერთო რეგულაციები დაწესდება. პალატას 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა და პალატის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღმასრულებელთა წესდებას და ბიუჯეტს პალატის წევრთა საერთო კრება დაამტკიცებს, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩატარდება.  პალატაზე ზედამხედველობას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს.

კანონპროექტით, დეტალურადაა გაწერილი აღმასრულებელთა პალატის, გამგეობის, თითოეული აღმასრულებლის − ინსპექტორის უფლებები. გარდა ამისა, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, აღმასრულებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება გარკვეულ ტერიტორიაზე ექნებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის საქმეები ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება.

საქართველოს პირველი აღსრულების კოდექსის ეს პროექტი სხვა არაერთ სიახლეს შეიცავს. მათ შორის: ახლებურად არეგულირებს აღსრულების პროცესს იმ საქმეებში, სადაც ორზე მეტი პირია ჩართული; აუმჯობესებს მხარეთა ინფორმირების წესსა და მესამე პირისათვის უფლება-მოვალეობების გადაცემის პროცედურას; კიდევ უფრო ძლიერდება  მედიაციის ინსტიტუტი და სოციალური მუშაკი; განსხვავებული წესები შემოდის მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღებისა და შეფასების შემთხვევებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააღსრულებო შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეებს ექნებათ უფლება, სააღსრულებო შეთანხმება გააფორმონ აღსრულების ეტაპზეც და ამისათვის სასამართლო არ დასჭირდებათ. შეთანხმების დოკუმენტს სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელი დაამოწმებს.

კოდექსი უფრო მეტ მექანიზმს ითვალისწინებს მოვალეთა დასაცავად. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას შესაძლებელი გახდება, მოეხსნას ყადაღა მოვალის ქონებას, რათა მან შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება;  იმ შემთხვევაში, თუკი აუქციონის გამოცხადების შემდეგ მოვალე შეძლებს ვალდებულებების შესრულებას, შესაძლებელი იქნება აუქციონის შეწყვეტა. მარტივდება მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვის პროცედურაც.

აღსრულების კოდექსის პროექტის შემუშავებისას იუსტიციის სამინისტრომ შეისწავლა ევროკავშირის ქვეყნების (ლიტვის, ლატვიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბულგარეთის) სისტემა, ხოლო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწვეულმა  ექსპერტმა კანონპროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა და ევროპულ ნორმებთან შესაბამისობის ანალიზი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები