გუდაურში დაშავებული 5 პაციენტიდან ოთხი ღუდუშაურის კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს

0

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მოთავსებული გუდაურში დაშავებული 5 პაციენტიდან სამედიცინო დაწესებულებას ოთხი, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს.
როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა, უკრაინელ მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, სტაბილურია.
”4 მათგანს აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ალბათ, დღეს-ხვალ ისინი კლინიკას დატოვებენ. ერთი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. გუშინ ჩატარებული ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის ამ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ალბათ, რამდენიმე საათში აპარატიდან მოიხსნება. ჩვენ აბსოლუტურად სტაბილურად განვიხილავთ ვითარებას და ვფიქრობთ, რომ გამოსავალი პოზიტიური იქნება.
გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე, დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობას განვიხილავთ, როგორც სტაბილურს”, – აღნიშნა ექიმმა.
ცნობისათვის, ღუდუშაურის საავადმყოფოში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი