მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: ინციდენტის მონაკვეთის გარდა, ყველა სათხილამურო ტრასაზე დაშვება ნებადართულია

ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია,-ამის შესახებ გადაცემა „360 გრადუსში“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილზე მყოფ ტურისტებთან და მათი უმეტესობა ადგილზე რჩება.
გუბერნატორის განცხადებით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია. ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითრების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

„ადგილზე იმყოფება სამაშველოი სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის ღამის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც დღეს ეს უბედურება მოხდა“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები