„სითი პარკის“ იურისტებმა მერიის გადაწყვეტილებას უპასუხეს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას „სითი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. ბრიფინგზე, რომელსაც „სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი, კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი ესწრებოდნენ, მერიის ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხეს.
„მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა პარკირების ნიშნების და მონიშვნების არასათანადოდ, არაჯეროვნად აღჭურვა. სწორედ ამიტომ შპს „სითი პარკს“ მიაჩნია, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კონტრაჰენტის მიერ შეწყდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას – 13 მარტს, კერძოდ, მერია არ დაელოდა სასამართლოს დაედგინა მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არ მოითხოვა კომპანიის იმ დღისათვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ „სითი პარკი“ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ამასთან, არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში,“ – განმარტა თამარ შუბითიძემ.
პრესკონფერენციაზე „სითი პარკის“ იურისტებმა მედიის წარმომადგენლებს მერიის გადაწყვეტილების საპასუხოდ ფოტოები წარადგინეს.
„განკარგულებიდან ირკვევა, რომ 32 157 პარკირების ადგილიდან, მათი შეფასებით, 751 ლოკაციაზე გამოიკვეთა პრობლემა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოგზავნილ საქმის მასალებში მერიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უფრო მეტად ვლინდება ვიდრე კომპანიის. მაგ: პარკირების ზონის გაუქმების გარეშე, მერიამ დაამონტაჟა ამკრძალავი ნიშანი, “სითი პარკის” დამონტაჟებული პარკირების ნიშანი კი პოლიეთილენის პარკით დაფარა. სწორედ ზემოაღნიშნულის მსგავსი ფაქტები გახდა საფუძველი სარჩელით მიგვემართა სასამართლოსთვის, ვინაიდან როგორც ოქტომბერში ისე ამჯერად კომპანიას აქვს სათანადოდ არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომ არ არსებობდა განკარგულების არც სამართლებრივი, არც კანონიერი და არც მიზნობრივი საფუძვლები,“ – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.
მათივე თქმით, კომპანიას არასოდეს ჰქონია ვალდებულება, რომ აეშენებინა ახალი მიწისზედა ან მიწისქვეშა პარკინგები.
როგორც “სითი პარკში” აცხადებენ, კომპანიის ვალდებულება იყო, მოეწყო მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე პარკინგის ტერიტორიები: დაეხაზათ ქუჩები და დაემონტაჟებინათ ნიშნები.
პრესკონფერენციაზე ასევე შეეხნენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის საკითხს, რაც „სითი პარკის“ უშუალო ვალდებულებას წარმოადგენდა.
“მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა შეზღუდული იყო კანონმდებლობით სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის, შშმ პირისთვის გამოყოფილი საპარკინგე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისა და ფეხით მოსიარულეების გადასასვლელ ადგილებზე. ინსპექტორები დღესაც ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზის გაუსვეს დღეს არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, დედაქალაქის მერის განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა, ხშირია შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები მოქალაქეების მხრიდან. ვიმედოვნებთ სამართალდამცავები ისევე განაგრძობენ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. კომპანიის ინსპექტორები კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ინსპექტირებისას ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ. კომპანია არ დაუშვებს შპს „სითი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო,“ – განაცხადა ნანუკა ავალიანმა.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები